
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი პატარიძე წარადგინა.
გიორგი პატარიძეს საჯარო და კერძო სამსახურებში, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნამდე იგი იკავებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ცვლილებამდე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ბეჟან ობგაიძემ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციაში მიმდინარეობს გამოძიება, მ/წ 11 ივლისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულების საკანში კ. მეტრეველსა და გ. ბაჩიაშვილს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 1-ნაწილით.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა პენიტენციური სამსახურის გარკვეული თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართვის საფუძველზე, მ/წ 19 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში დაიწყო დისციპლინური წარმოება.
დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის N8 დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი, მსჯავრდებული კ. მეტრეველი, ასევე სხვა მსჯავრდებული პირები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი მსჯავრდებულ ბაჩიაშვილთან.
შემოწმების შედეგად ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ.
ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც.
დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დ. გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს.

№16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართული წარმატებული პრემიერის შემდეგ სპექტაკლი „ლამანჩელი“ №5 (ქალთა) დაწესებულებაში წარადგინეს.
სპექტაკლში მოქმედება პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარდება და ასახავს მსჯავრდებულთა თვითრეალიზაციისკენ სწრაფვას. წარმოდგენაში, რომელშიც 13 მსჯავრდებული და 3 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს, რეჟისურა, მხატვრული და მუსიკალური გაფორმება თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით.
ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
ქალთა დაწესებულებაში გამართულ წარმოდგენას სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ
№5 (ქალთა) და №16 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულებმა საქართველოს გოს ფედერაციის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით სამაგიდო თამაშის – გოს წესები შეისწავლეს.
ინიციატივის მიზანია მსჯავრდებულთა ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების განვითარება, რაც ხელს უწყობს მათ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციას.
გოს მასტერკლასი უკვე ჩატარდა №18 დაწესებულებაში. სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში სამაგიდო თამაში ეტაპობრივად დაინერგება; გადაეცემათ სათამაშო დაფებიც, რაც მსჯავრდებულებს რეგულარული ვარჯიშის შესაძლებლობას მისცემს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას აგრძელებს. ამჯერად №5 დაწესებულებაში მსჯავრდებული ქალები ერთმანეთს კალათბურთში, ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ.
ტურნირის გამარჯვებულები მედლებითა და თასებით დაწესებულების დირექტორმა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა დააჯილდოვეს. ფედერაციამ დაწესებულებას საერთაშორისო სტანდარტის კალათბურთის ფარები და სპორტული ინვენტარიც გადასცა.
სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სპორტულ აქტივობებში ჩართვას.
სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, №1 პენიტენციურ დაწესებულებაში სამაგიდო თამაშებში – შაშში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი ჩატარდა.
ფესტივალის გამარჯვებულები ლეგენდარულმა ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ დააჯილდოვა, რომელმაც სპორტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მსჯავრდებულებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით სპორტული აქტივობების მხარდაჭერას გააგრძელებს.

№12 და №16 პენიტენციურ დაწესებულებებს შორის ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა. ტურნირში გამარჯვება №16 დაწესებულების მსჯავრდებულთა გუნდმა მოიპოვა და პირველი ადგილის თასით დაჯილდოვდა.
სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით პენიტენციური დაწესებულებები აღიჭურვა თანამედროვე სპორტული ინვენტარით, განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურა და დაინერგა არაერთი სპორტული პროგრამა. ფესტივალები სპორტის სხვადასხვა სახეობაში რეგულარულად ტარდება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებითა და საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ფრანგულ ენაში DELF-ის (Diplôme d'Études en Langue Française) საერთაშორისო გამოცდა ჩატარდა.
საგამოცდო პროცესი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით წარიმართა. პროცესს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მსჯავრდებულები მიიღებენ ფრანგული ენის საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს, რაც მათი რეინტეგრაციისა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა დაჯილდოების ცერემონია - დიპლომები გადაეცათ იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც წინა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
№16 დაწესებულებაში ფრანგულ ენაში საერთაშორისო გამოცდა რამდენიმე წელია, წარმატებით ტარდება. აღსანიშნავია, რომ ფრანგულის სწავლების პროცესს თავად ერთ-ერთი მსჯავრდებული ხელმძღვანელობს.
დაწესებულებაში სტუმრობისას ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დაწესებულების ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს ფრანგულენოვანი ლიტერატურა და ფრანგული ენის სახელმძღვანელოები, სტუმრებს კი, მსჯავრდებულებისგან ხელნაკეთი ნივთები გადაეცათ.
№16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „ლამანჩელი“ გაიმართა. წარმოდგენა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით სპექტაკლზე მუშაობა ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპექტაკლის რეჟისურა, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით. კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან სპექტაკლში, რომელშიც 13 მსჯავრდებული და 3 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს, სიუჟეტი პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარდება და ასახავს მსჯავრდებულთა ძალისხმევას საკუთარი თავის ხელახლა აღმოსაჩენად. მთავარი გზავნილი კი არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს, დაშვებული შეცდომების მიუხედავად, შეუძლია ცხოვრების ახლიდან დაწყება.
მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას, გარესამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებას და საზოგადოებაში წარმატებულ ინტეგრაციას.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, მოწვეული სტუმრები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.