
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება უკვე მერამდენედ აგორებულ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში კვება, სამედიცინო თუ ჰიგიენური პირობები დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება.
თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია.შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების სტანდარტის შესაბამისად, ხოლო, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა შეუძლებელია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, მას სერვისი მიეწოდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.
რაც შეეხება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, ესეც არის პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ მიზნით, სამსახურის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია წელიწადში სამჯერ ახორციელებს ყველა პენიტენციური დაწესებულების საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების სადეზინფექციო სამუშაოებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვით.
ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოებს შესაბამისი საშუალებებით აწარმოებენ სამსახურის მიერ სპეციალურად ამ მიზნით ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლები. სამუშაოები ტარდება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში როგორც თვეში ერთხელ, გეგმიურად, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ადმინისტრაციის მოთხოვნის შესაბამისად. სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება ყველა იმ ადგილას, სადაც მიუთითებს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია, კერძოდ: საკნებში (ხორციელდება საკნის დაცლა და საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება რბილი ინვენტარის ახლით ჩანაცვლება), დერეფნებში, სველ წერტილებში, საზოგადოებრივ მისაღებებში, სამორიგეო, ექიმის, თანამშრომლების სამუშაო, საამანათო, პაემნის, საადვოკატო და გარე დაცვის ოთახებში; გარდა ამისა, დამატებით, კვარტალში ერთხელ დასუფთავების კომპანია ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღებებისა და სამედიცინო პუნქტების დეზინფექციას.
ასევე, პრევენციის მიზნით, არათუ პენიტენციური დაწესებულებების შიდა ტერიტორია, არამედ ასევე ხდება გარე პერიმეტრის (ბუფერული ზონების) მოწესრიგება, მათ შორის, ბალახის გათიბვა, ტერიტორიების ბუჩქნარებისა და სხვა ნარგავებისაგან გაწმენდა, რა დროსაც სპეციალური ხსნარებით მუშავდება აღნიშნული ტერიტორიები, რათა როგორც დაწესებულებები, ასევე, გარე პერიმეტრიც დაცული იყოს მწერებისა და ქვეწარმავლებისგან.
რაც შეეხება არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებას, ესეც არის მორიგი სიცრუე.
პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმის შედეგად თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. მენიუ შედგენილია სპეციალურად ამ მიზნით მოწვეული ნუტრიციოლოგების მიერ და მოიცავს დაბალანსებულ კვებას. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი, რაც პერიოდულად ხორციელდება პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მიზნით. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცრუ ნარატივების გავრცელებისგან.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, ბრძანების საფუძველზე, №15 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტი „ციხეების გადატვირთულობის გადასაფარად“ გაიზარდა.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ №15 პენიტენციურ დაწესებულებაში საცხოვრებელი ფართობის გაანგარიშების დროს დაშვებულ იქნა უზუსტობა, რის შედეგადაც „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანებაში 2016 წლის 15 აგვისტოს შეტანილი ცვლილებით, მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი განისაზღვრა არასწორად – 1388 მსჯავრდებულით, მიუხედავად იმისა, რომ, რეალურად, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, ამ დაწესებულებაში შესაძლებელი იყო 216-ით მეტი მსჯავრდებულის განთავსება.
№15 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი უცვლელად აისახა „პენიტენციური დაწესებულებებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში განსათავსებელ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაშვები მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის №1178 ბრძანებაში, რომლის მიზანი იყო, პენიტენციური კოდექსიდან გამომდინარე, არსებული კანონქვემდებარე აქტების ხელახლა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, შესაბამისი გამოცდილების მქონე კერძო კომპანიასთან კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულების საფუძველზე (ვინაიდან სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში) ხელახლა აიზომა №15 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, რის შემდეგაც დადგინდა, რომ შესაძლებელია, კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების სრული დაცვით, №15 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა განთავსების მაქსიმალური ლიმიტი, 1388-ის ნაცვლად, განისაზღვროს 1604 მსჯავრდებულით.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) პრეზიდენტ ალან მიშელთან შეხვედრისას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ საკითხი დააყენა ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა არასწორად განთავსების ლიმიტის გასწორებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხის მოგვარების პირობა კი დღეს უკვე შესრულებულია. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას ემსახურება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, დაწესებულებაში არსებულ პირობებთან დაკავშირებით გააზიარონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.

მსჯავრდებულებს ძიუდოში პროფესიული მწვრთნელები მოამზადებენ
№11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების მსჯავრდებულებს ძიუდოში პროფესიული მწვრთნელები მოამზადებენ.
მსჯავრდებულები სასწავლო პროცესში უახლოეს პერიოდში ჩაერთვებიან. ვარჯიში კვირაში ორჯერ ჩატარდება და მას კლუბ „ოლიმპის“ ქართველი და იაპონელი მწვრთნელები გაუძღვებიან.
ახალი სპორტული პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, „ოლიმპის“ წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
გრძელვადიანი პროექტის მიზანია არასრულწლოვან მსჯავრდებულებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა; ფიზიკური განვითარების, დისციპლინის, პასუხისმგებლობის უნარების გაძლიერება, რაც მათ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს სპორტული აქტივობების მხარდაჭერას

არასრულწლოვან მსჯავრდებულებს სპორტსმენები შეხვდნენ
№11 (არასრულწლოვანთა) სარეაბილიტაციო დაწესებულების მსჯავრდებულებს ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და კახი კახიაშვილი შეხვდნენ.
სპორტსმენებმა მსჯავრდებულებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის სპორტისა და ფიზიკური აქტივობების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, რეგულარულად იმართება სპორტული ფესტივალები და შეჯიბრებები, ახლდება სპორტული ინფრასტრუქტურა და ინვენტარი, რაც მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოცილიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.


