სპეციალური პენიტენციური სამსახურის შიდა საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ფინალურ მატჩში ერთმანეთს ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დასავლეთის სამმართველოს გამარჯვებით დასრულდა. მეორე საპრიზო ადგილი მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთის გუნდმა მოიპოვა, მესამე ადგილზე კი, გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთ სამმართველოს გუნდი გავიდა. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად ირაკლი მჟავია დასახელდა, საუკეთესო მეკარედ კი – გიორგი სიორდია.
წლევანდელი ჩემპიონატი ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ბაზაზე თანამშრომლებისთვის მოწყობილ ახალ სტადიონზე ჩატარდა. მინი-ფეხბურთის ჩემპიონატში სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული 16 გუნდი მონაწილეობდა.
გამარჯვებულები სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ თასებით, მედლებით და სიგელებით დააჯილდოვა.
ტურნირი, რომლის მიზანი პენიტენციურ სისტემაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა, მესამე წელია, თანამშრომელთა მაღალი ჩართულობით წარმატებით ტარდება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია სპორტისა და ფიზიკური აქტივობის მხარდაჭერ და წახალისება. ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში დაინერგა სპორტის მართვის სტრატეგია. სამსახურის თანამშრომლებისთვის მოეწყო სავარჯიშო სივრცე, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო სპორტული ინვენტარით, მსჯავრდებულები მონაწილეობენ სპორტის ფესტივალებში, დაწესებულებებში სრულად განახლდა სპორტული ინვენტარი და ინფრასტრუქტურა.