laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
თეა წულუკიანი სახალხო დამცველს - „შეძლებთ, 24-საათიან რეჟიმში ყველა პატიმარს უპასუხოთ? ასწევთ ამ ტვირთს? ჩვენ მზად ვართ“


მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი ამისათვის საჭირო არაა, რადგან ის ფიქრობს, რომ პატიმრებს ასეთი უფლება უნდა ჰქონდეთ.

„პირველ რიგში თქვენ გჭირდებათ უფრო მეტი პასუხები, როდესაც პატიმრები მოგმართავენ და ვერავითარ თქვენს კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, თითქოს თქვენამდე საჩივრების ან განცხადებების მოტანა ვერ ხდება, მე ვერ მივიღებ. არც ამ ანგარიშის შემუშავებამდე, არც მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოში გვიჩივლებდით, დასანანია, რომ თქვენ მე არ შემომთავაზეთ სამუშაო რეჟიმში შეხვედრა იმისათვის, რომ ჩვენ კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში ერთად გვეფიქრა, როგორ ვუპასუხოთ პენიტენციურ სისტემაში მართლაც არსებულ გამოწვევებს.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ საჩივარს, იქ ისეა წარმოდგენილი, რომ თითქოს სხვა გამოსავალი არ გქონდათ, ეს არის ტყუილი. მე ვთვლი, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებში არავითარი პრობლემა არ არის. უფრო მეტიც - თუ თქვენ შეძლებთ, ქალბატონო ნინო, რომ გახსნათ დიდი უნარის მქონე ქოლცენტრი (24-საათიანი, კვირაში 7 დღე), ჩვენ მზად ვართ. აქ ბრძანდება პენიტენციური სამსახურის გენდირექტორი, ჩემი მოადგილე, რომელიც მოამზადებს შესაბამის ცვლილებებს. რატომ ამტვრევთ ღია კარს? მე ვფიქრობ, არავითარი პრობლემა არ არსებობს იმისა, რომ პატიმრებს მივცეთ უფლება, 24 საათის განმავლობაში, როცა მოესურვებათ, დარეკონ თქვენთან. ასწევთ ამ ტვირთს? თუ ასწევთ ამ ტვირთს, ხვალვე რომ გითხრათ, ძალიან ცუდ საქმეს გაგიკეთებთ. ჩვენ ხვალაც შეგვიძლია. ავიღოთ ერთი თვე. ყველა პატიმარს, 24- საათიან რეჟიმში შეეძლება თქვენთან ცხელ ხაზზე დარეკვა, თუ ეს არის თქვენი სურვილი. და, თუ პატიმარი ღამე დაგირეკავთ და მისვლას გთხოვთ, იყოლიეთ თანამშრომლები, ვინც ღამე მივა ციხეში“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიში განიხილებოდა.

imageVideo
თეა წულუკიანი: -„სახელმწიფო ებრძვის ციხეში კრიმინალურ სუბკულტურას“

იუსტიციის მინისტრმა სინანული გამოთქვა, რომ ამ ანგარიშის შესახებ სამუშაო რეჟიმში არ შედგა შეხვედრა, სადაც ის და სახალხო დამცველი ერთად იმსჯელებდნენ ციხეში რეალურად არსებულ პრობლემებზე.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სწორედ მისი ინიციატივით 2019 წლის 8 მაისს გამოიცა ბრძანება რისკების შეფასების შესახებ, რომლის საფუძველზეც 2019 წლის განმავლობაში დასჯილია 40-ზე მეტი პირი, რომლებიც ცდილობდნენ სხვა პატიმრებზე გავლენის მოხდენას, თუმცა ამის შესახებაც ომბუდსმენის ანგარიშში არაფერია ნათქვამი.

"ქსნის დაწესებულება ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ სამართავია, ძნელი დაწესებულებაა, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ე. წ. ზონა. აქ არაერთი პატიმარი შარშან, ვინც სხვა პატიმრების კონტროლს შეეცადა, სწორედ ჩემი 8 მაისის ბრძანების საფუძველზე, დაისაჯა და გადაყვანილ იქნა დახურულ დაწესებულებაში. რეალურად დღეს სახელმწიფო ასეთ პატიმრებს მკაცრად ეპყრობა და სჯის, რომ არ გამძვინვარდეს კრიმინალური სუბკულტურა ამა თუ იმ ე.წ ზონაში. რა შეიძლება უფრო მეტი ასეთ დროს სახელმწიფომ გააკეთოს, თუ არა ის, რომ მყისიერად აღკვეთოს ამგვარი ე. წ. ავტორიტეტის სურვილები, რომლებიც შეიძლება, საზღვარგარეთ მათ მიერ აღიარებულ რომელიმე პირს ექვემდებარებოდნენ? რა შეიძლება, ასეთ დროს სახელმწიფომ გააკეთოს? გააკეთოს ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა? მე არ მგონია, რომ ეს არის თქვენი რჩევა.", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.





სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება მედიით ყალბი ინფორმაციის გავრცელების შესახებ


ეს ინფორმაცია არის ყალბი და გადაუმოწმებელი. ვინაიდან მოცემული პატიმარი, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმყოფებოდა ვიდეოთვალით აღჭურვილ კამერაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს ვიდეოსამეთვალყურეო კამერის მიერ გადაღებულ კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბრალდებული ვარდება, დაზიანებას იღებს უნიტაზზე სახის დარტყმის შედეგად და მოსდის ჭარბად სისხლი (ინფორმაციისთვის: ვიდეოთვალით აღჭურვილ კამერაში საპირფარეშოს კუთხე ყოველთვის არის დაფარული და მასზე ვიზუალური კონტროლი არ მიმდინარეობს).


ზოგადი ინფორმაციისთვის, ბრალდებული გ. პ. ბრალად ედება ოჯახური ძალადობის ჩადენა. 2020 წლის 10 იანვარს ბრალდებული N8 დაწესებულებაში მოათავსეს.


2020 წლის 13 იანვარს, ბრალდებული N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამავე დღეს 23:32 სთ-ზე ბრალდებული მოთავსებულ იქნა დეესკალაციის ოთახში, სადაც 01:29 სთ-ზე (14 იანვარს), დავარდნის შედეგად მიიღო დაზიანება ცხვირის არეში.


2020 წლის 14 იანვარს, 01:30 სთ-ზე გაისინჯა მორიგე ქირურგის მიერ - ბრალდებულს აღენიშნებოდა სისხლდენა ცხვირიდან, ნახეთქი ჭრილობა ცხვირის არეში. ჩაუტარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება, შეუჩერდა სისხლდენა. დაიგეგმა ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტის კონსულტაცია და ცხვირის ძვლების დგომის შეფასება.


2020 წლის 14 იანვარს, 12:45 სთ-ზე გამოყვანილ იქნა დეესკალაციის ოთახიდან. მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შემდეგ, შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა ცხვირის ძვლების რეკონსტრუქცია. ამჟამად ბრალდებული სამოქალაქო სექტორის კლინიკის პოსტოპერაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


ბრალდებულის მიერ დაზიანების მიღების შესახებ იმავე დღეს ეცნობა შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.

imageVideo
წელს უკვე მეორეჯერ, არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მსჯავრდებულები ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდნენ



საახალწლო კონცერტი ბენდის მონაწილეობით გაიხსნა, რომელიც N11 დაწესებულებაში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მონაწილეობით შეიქმნა. საახალწლო ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ როგორც მასწავლებლები, ასევე, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები.

ახალ წელს არასრულწლოვნებთან ერთად შეხვდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ცხვარაშვილი; დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო, სასჯელარსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი, თათია ხოჭოლავა და სააგენტოს უფროსის მოადგილე, ლადო ჯავახიშვილი.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრის ინიციატივით არასარულწლოვანი მსჯავრდებულები ახალ წელს მშობლებთან ერთად უკვე მეორედ შეხვდნენ.

საახალწლო სოფლის ფარგლებში მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს

გამოფენა-გაყიდვა 28 და 29 დეკემბერს იმართება და მასზე 6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების 250-მდე ხელნაკეთი ნივთია წარმოდგენილი. მსჯავრდებულები სპეციალურად საახალწლო ბაზრობისთვის დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში საახალწლო და საშობაო თემატიკაზე ქმნიდნენ ნამუშევრებს, რომელთა დათვალიერება და ყიდვა ნებისმიერ მსურველს ადგილზე შეეძლება.

გამოფენაზე ძირითადად კერამიკის, თექის, მინანქრის, ხეზე ნაკვეთი და ტყავის ნაკეთობებია წარმოდგენილი.

დღეს გამოფენა-გაყიდვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ცხვარაშვილმა დაათვალიერა. მისი თქმით, მსგავსი აქტივობები ყოველთვის წახალისებული და მხარდაჭერილია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან, რადგან მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს.

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მხარში დავუდგეთ ჩვენს სისტემაში განთავსებულ მსჯავრდებულებს და დავეხმაროთ მათ როგორც სხვადასხვა ხელობის, ან პროფესიის ათვისებაში, ასევე შემდეგ უკვე მათი ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციაში. მსგავსი აქტივობები სტიმულს აძლევს პატიმრებს და მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.


თეა წულუკიანმა პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურს კვადროციკლები გადასცა


ღონისძიება ქალაქ რუსთავში, სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. მინისტრმა გარე დაცვის დანაყოფის თანამშრომლებს ახალი ტექნიკის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ გარე დაცვის სამმართველო იმუშავებს ახალი სტრატეგიით, რომლის ფარგლებში იგეგმება მობილური ჯგუფების შექმნა.

“მობილური ჯგუფები პენიტენციური დაწესებულებების გარე პერიმეტრს ბევრად უფრო ეფექტიანად გააკონტროლებენ, რადგან აქამდე გარე დაცვის სამსახურის თანამშრომლებს პენიტენციური დაწესებულებების გარე პერიმეტრის გასაკონტროლებლად უწევდათ ფეხით სიარული, ან უკეთეს შემთხვევაში, მორიგე მანქანით, თუმცა მანქანით დაწესებულებების მთლიანი გარე პერიმეტრის გაკონტროლება რთული ლანდშაფტური რელიეფის გამო ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდებოდა. კვადროციკლებით კი მოცემული ტერიტორიების სრულად შემოვლა და ეფექტური პატრულირება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიების და სხვა აღჭურვილობის დახმარებით პენიტენციური დაწესებულებების პერიმეტრისა და ბუფერული ზონების დაცვა ისე უნდა გაძლიერდეს, რომ გარე დაცვის სამმართველოს მიერ შესაძლებელი გახდეს დაწესებულებების უსაფრთხოების დაცვა ნაკლები ადამიანური რესურსით. დროსთან ერთად, პენიტენციურ სისტემაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად წვევამდელების გაწვევა აღარ უნდა მოხდეს და გარე დაცვის დანაყოფი მხოლოდ შტატიანი თანამშრომლებით უნდა იყოს დაკომპლექტებული მინისტრმა აღნიშნა, რომ როგორც 2019 წელს იყო პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტი ესკორტის სამსახურის გაძლიერება, ხელფასების ზრდა და სრულად აღჭურვა, 2020 წელს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გარე დაცვის სამმართველოს გაძლიერება იქნება, მათ შორის აღჭურვილობით, ტექნიკით უზრუნველყოფა და ხელფასების მატება.

ინფორმაციისთვის, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურის ფუნქციებია: პენიტენციური დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვისა და თავდაცვის განხორციელება. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევის აღკვეთა, ბუფერული ზონების კონტროლი, დასაცავ ობიექტებზე შემსვლელ და გამსვლელ პირთა კონტროლი, აკრძალული ნივთების შეტანის ან გამოტანის კონტროლი.

humanIcon
hotLineIcon