
№11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შობა-ახალი წელი „ვაკის პარკის“ სოლისტმა ზაზა ხუციშვილმა მიულოცა.
ღონისძიების ფარგლებში მომღერალმა მუსიკალური ნომრები შეასრულა და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარა.

სპეციალური პენიტენციური სისტემიდან 2026 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე 57 ბრალდებული/მსჯავრდებულია რეგისტრირებული, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი.
პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტია მსჯავრდებულთა განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ყოველწლიურად იზრდება უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა, ფართოვდება საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა და იქმნება სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნოლოგიური პირობები. პენიტენციურ დაწესებულებებში წარმატებით ფუნქციონირებს „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.
განათლების ხელშეწყობა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პროფესიული განვითარება და საუნივერსიტეტო განათლების მიღების შესაძლებლობა მსჯავრდებულებს საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციაში დაეხმარება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე, უწყებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT)-ის პრეზიდენტს ალან მიჩელს შეხვდა.
CPT-ის დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პენიტენციური სისტემის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის მცირე ზომის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულებების მშენებლობასა და განვითარებაზე, რაც უფრო ეფექტიანი მართვისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. მხარეებმა ასევე განიხილეს პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ ბრალდებულები/ მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი არიან საჭირო სამედიცინო მომსახურებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათთვის ხელმისაწვდომია სპეციალიზებულ სამოქალაქო კლინიკებში გადამისამართების შესაძლებლობა.
დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შეფასებასა და მიმდინარე რეფორმების გაცნობას.
მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პენიტენციური სისტემის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობას.

