№17 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. ქართველი პოეტები პატიმრებს წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, გააცნეს საკუთარი შემოქმედება და დაწესებულების ბიბლიოთეკას საჩუქრად საავტორო წიგნები გადასცეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. სტუმრებს მსჯავრდებულებმა საკუთარი და სხვა ავტორთა ლექსებიც წაუკითხეს. პატიმრებმა დაწესებულებაში მოქმედი ბიბლიოთეკის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, სადაც როგორც ქართველი, ისე უცხოელი მწერლების შემოქმედებას ეცნობიან, იღრმავებენ ცოდნას და თავისუფალ დროს უფრო ნაყოფიერად ატარებენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია პრიორიტეტულია. ამ მიმართულებით პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი პროგრამა და სასწავლო კურსია დანერგილი. სამსახური მსჯავრდებულთა საზოგადოებაში სრულყოფილი რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას უწყეტ რეჟიმში გააგრძელებს.