სპეციალური პენიტენციური სამსახურის პროფესიული დღე

№5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ლანა მორგოშიამ და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს, სტუმრებთან ერთად უმასპინძლეს.
პირველი ლედი გაეცნო მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით შექმნილ მრავალფეროვან სივრცეებს. მოინახულა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული განახლებული სამკერვალო სივრცე, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი. სამკერვალოში დასაქმებულ მსჯავრდებულებს მიეწოდათ შესაბამისი მასალები და ქსოვილები, რომელთა გამოყენებით ქალ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სადღესასწაულო სამოსი. პირველი ლედის ინიციატივით, №5 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიგეგმა კერვის, ხელსაქმის და სხვა მასტერკლასები. აღნიშნული ქსოვილებით მსჯავრდებული ქალები ჯგუფი კახაბერი და ხანუმების სასცენო სამოსს შეკერავენ.
სტუმრობის დასასრულს, მსჯავრდებულებისა და ჯგუფი „კახაბერი და ხანუმების" კონცერტიც გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საქართველოს პირველი ლედი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდნენ და არსებული თანამშრომლობის შედეგებზე, მისი შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოების შესაძლებლობებზე, ასევე სამომავლო ერთობლივ გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის საკითხებზე, მათ შორის ადვოკატთან დროული და სრულფასოვანი კომუნიკაციის უზრუნველყოფაზე. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა ირაკლი ყანდაშვილს ადგილზე დაათვალიერებინეს ადვოკატებისთვის განკუთვნილი სამუშაო სივრცე და განიხილეს ის პირობები, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში მათ საქმიანობას უკავშირდება.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის თანამშრომლობა წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს და მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა. აღნიშნული პარტნიორობა დადებითად აისახება როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ისე ადვოკატების პროფესიული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო პირობების შექმნაზე.
უწყებებს შორის განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად პენიტენციურ დაწესებულებებში გაუმჯობესებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და გარემო, რაც უზრუნველყოფს უფრო ორგანიზებულ, უსაფრთხო და ეფექტიან სამუშაო პირობებს როგორც ადვოკატებისთვის, ისე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების პრაქტიკაში რეალიზებისთვის.
შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის კომუნიკაციის მექანიზმების დახვეწა, ადვოკატებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის დამატებითი მექანიზმების განვითარება.
მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალშიც გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას.

