სპეციალური პენიტენციური სამსახურის პროფესიული დღე
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობით მიზნით №17 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. შესრულებულ სამუშაოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ ნიკა ცხვარაშვილთან ერთად გაეცნო.
ახალაშენებული სტადიონი ხელოვნურსაფარიანია და განკუთვნილია ფეხბურთისა და კალათბურთისთვის. განხორციელდა მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც.
სპორტული მოედნის გარდა, დაწესებულების ტერიტორიაზე აშენდა სავარჯიშო სივრცე ახალი ტრენაჟორებით, სადაც მსჯავრდებულები თავისუფალი დროის უფრო ნაყოფიერად გატარებას შეძლებენ.
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიზნით, 2022 წლიდან დაინერგა სპორტის მართვის სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც პატიმრებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სპორტულ ფესტივალებში. ასევე, მოქმედებს სხვადასხვა სპორტული პროგრამა, ტრენინგკურსები, რომლებიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ ტრენერებად, ფიტნესინსტრუქტორებად. ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული განახლების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.
ქალმა მსჯავრდებულებმა ტანსაცმლის მოდელები და ხელნაკეთი აქსესუარები საკუთარი დიზაინით შექმნეს და საზოგადოებასა და ჟიურის წევრებს პროფესიონალ მოდელებთან ერთად, თავადაც წარუდგინეს. სამოსისა და სამკაულების დამზადება პატიმრებმა №5 პენიტენციურ დაწესებულებაში „მოდის დიზაინის პროგრამის“ ფარგლებში შეისწავლეს, რომელიც „ბიდისი აკადემიამ“ და ორგანიზაცია „ლიდერ ქალთა საზოგადოებამ“ უსასყიდლოდ განახორციელა. ჩვენება აღნიშნული ორგანიზაციების მხარდაჭერითა და იუსტიციის სამინისტროს ხელშეწყობით გაიმართა.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ. თამარ ტყეშელაშვილმა ხაზი გაუსვა მსჯავრდებულთათვის სასწავლო პროგრამებისა და პროფესიული კურსების განხორციელების მნიშვნელობას, რაც პატიმრებს დროის ნაყოფიერად გატარებისა და თვითრეალიზების საშუალებას აძლევს, გათავისუფლების შემდეგ კი ხელს უწყობს მათ ეფექტიან რესოციალიზაციას, დასაქმებას, შემოსავლის გაზრდას და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას.
პატიმარ ქალებს საკუთარი ნამუშევრების წარდგენის საშუალება პირველად მიმდინარე წლის ივნისში, ვენეციის საერთაშორისო მოდის კვირეულზე მიეცათ, სადაც მათ სხვადასხვა აქსესუარით, მათ შორის, ტყავისა და თექით გაფორმებული მოდელები წარადგინეს; დღეს კი, მსჯავრდებულებმა საზოგადოებას ახალი კოლექცია შესთავაზეს.
ჩვენებაზე მოეწყო მაღაზია „რე-მარკეტის“ პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელიც სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების პატიმრების მიერ არის დამზადებული. მსურველებს, ასევე, შეეძლოთ ჩვენებაზე წარმოდგენილი ტანსაცმლისა და აქსესუარების შეძენაც. რეალიზაციით მიღებული თანხა მსჯავრდებულთა შემოსავალს წარმოადგენს.
განსაკუთრებულად ემოციური ღონისძიების ფინალი აღმოჩნდა. ჩვენების დასასრულს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მონაწილე მსჯავრდებული, „ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა.