ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) პენიტენციური ჯანდაცვის სერვისების მიწოდების პრაქტიკას მაღალი შეფასება მისცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დაავადებების დროულად გამოვლენისა და პენიტენციური ჯანდაცვის მართვის არსებული პრაქტიკა წარმატებულად შეაფასა.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წევრები პენიტენციურ დაწესებულებებში აივ ინფექცია/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოვლენის, სამსახურის მიერ მათი ეფექტური მართვისა და შედეგების შესახებ არსებულ ინფორმაციას გაეცნენ.
პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზი, ფაქტობრივად, დამარცხებულია; სამსახური, ასევე, წარმატებით უმკლავდება C ჰეპატიტის გამოწვევას. C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის მიზნით ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის პენიტენციურ სისტემაში შემოსვლისთანავე ხელმისაწვდომია სკრინინგული გამოკვლევა სრულიად უფასოდ.
პენიტენციური ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით პენიტენციური დაწესებულებები აღიჭურვა უახლესი სამედიცინო ტექნიკითა და ინვენტარით; მსჯავრდებულთათვის სამოქალაქო ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მხრივ ფუნქციონირებს ონლაინ კლინიკაც, რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, უმოკლეს დროში ისარგებლონ სამოქალაქო კლინიკის სპეციალისტის ონლაინ კონსულტაციით.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის თითოეული ბრალდებულის და მსჯავრდებულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათთვის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურების დროული მიწოდება უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადრეულ დიაგნოსტირებას, რაც მკურნალობის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებთან გამართულ შეხვედრას დაესწრნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი თეონა ბაბუნაშვილი, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე და მისი მოადგილე ნათია ბერიანიძე, უწყების სხვა წარმომადგენლები.