პენიტენციურ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება. ამჯერად მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობების, გარე სამყაროსა და ოჯახის წევრებთან კონტაქტის გაუმჯობესების მიზნით №16 დაწესებულებაში საბავშვო სივრცე მოეწყო.
ახალი სივრცით სარგებლობა იმ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს შეუძლიათ, რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ და ხანგრძლივი (საოჯახო) პაემნით სარგებლობენ.
სივრცე აღიჭურვა ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალი ინვენტარით; მოეწყო შესაბამისი ინტერიერი, სადაც მსჯავრდებულთა შვილებს დროის გატარება საოჯახო და კომფორტულ პირობებში შეუძლიათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია პატიმართა პირობების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება. ამ მიზნით, ახალი პენიტენციური კოდექსის თანახმად, ყველა სახის პაემანი გახდა სრულიად უფასო; გათანაბრდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები; ყველა მსჯავრდებულს მიეცა უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა.