ციფრული უნივერსიტეტი, ხის და კერამიკის სახელოსნოები, განახლებული ბიბლიოთეკა - №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი სარეაბილიტაციო სივრცე მოეწყო
გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ციფრული სწავლებისთვის უკვე ყველა პირობაა შექმნილი და მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, ქართული ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტით ისარგებლონ.
პენიტენციურ სისტემაში ეს რიგით მე-6 ,,ციფრული უნივერსიტეტია“, რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.
პენიტენციურ სისტემაში ციფრული სწავლების დანერგვამ მნიშვნელოვნად გაზარდა უმაღლესი განათლების მიღების მსურველ პატიმართა რაოდენობაც. 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე 43% -ით მეტი ბრალდებული/მსჯავრდებული დარეგისტრირდა. ქართული ინოვაციური პროექტის სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგვის პროცესი გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) „ციფრული უნივერსიტეტი“ 3 საუკეთესო პროექტს შორის დაასახელა.
№8 დაწესებულების მასშტაბური სარეაბილიტაციო სივრცე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა მის მოადგილე გიორგი გიორგაძესა და უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა.
დაწესებულების ახალ სარეაბილიტაციო სივრცეში, რომელიც პატიმრებს თავისუფალი დროის უფრო ნაყოფიერად გატარებისა და სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს, მოწყობილია ხისა და კერამიკის სახელოსნოები. აქ მსჯავრდებულებს დარგის სპეციალისტები ახალ პროფესიას შეასწავლიან, შემდგომ კი, დასაქმდებიან.
სრულად განახლდა დაწესებულების ბიბლიოთეკაც, რომელიც განკუთვნილია როგორც სამკითხველოდ, ისე ფილმების საჩვენებლად და სტუმრებთან შესახვედრად. მოეწყო სივრცეები მსჯავრდებულებთან ფსიქოსარეაბილიტაციო და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ჩასატარებლადაც.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და სასჯელის ღირსეულ პირობებში მოხდის შესაძლებლობა პრიორიტეტულია. ამ მიმართულებით მუშაობას სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.