მალინუას ჯიშის ორი ლეკვი შესაბამისი წვრთნების გავლის შემდეგ ჩაერთვება სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობაში
მომავალში ოთხფეხა მეგობრები სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ჩამოყალიბებულ კინოლოგიურ ქვედანაყოფში იმსახურებენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება რამაზან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით მუსლიმი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს.
პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 20 და 23 მარტს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს: ფლავი, მოხარშული ხორცი, ყველი, შემწვარი ან მოხარშული ქათამი, კიტრი/ პომიდორი, ხილი, ნამცხვარი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას უზრუნველყოფს.

გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულების დატოვებასთან დაკავშირებით.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს არათუ არ დაუტოვებია დროებით პენიტენციური დაწესებულება, აღნიშნული საკითხი არც კი განხილულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან.
ამასთანავე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში.
მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე არ წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ განსაკუთრებულ გარემოებას, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა შესაძლოა, დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება.
მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ საკანში მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა. მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემები დაცულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავება, მათ შორის, გასაჯაროება ხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კონკრეტული საფუძვლების არსებობისას, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ არსებობს და სპეციალური პენიტენციური სამსახური ვერ გაასაჯაროებს ვიდეომასალას.დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით უფლებამოსილია, ადგილზე, პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში გაეცნოს ვიდეომასალას, რომლითაც უტყუარად დადასტურდება გავრცელებული ინფორმაციის არარეალურობა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

