სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულ სტუდენტებს „Kindle“-ის ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობები საჩუქრად გადასცეს
პორტატული მოწყობილობები ყველა იმ დაწესებულებამ (№1, №2, №5, №8, №10, №12, №14, №15, №16, №17) მიიღო, სადაც აკადემიური განათლება კორესპონდენციული სწავლების მეთოდით ხორციელდება.
სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მსჯავრდებულებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობას და ხარისხს.
პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში 2022 წლიდან ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა, რომელიც ექვს პენიტენციურ დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი.
საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) 3 საუკეთესო პროექტს შორის დაასახელა, მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხარდაჭერას პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების მიმართულებით მომავალშიც გააგრძელებს, რაც მათ დაწესებულების დატოვების შემდეგ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციაში დაეხმარება.