
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე, უწყებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT)-ის პრეზიდენტს ალან მიჩელს შეხვდა.
CPT-ის დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პენიტენციური სისტემის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის მცირე ზომის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულებების მშენებლობასა და განვითარებაზე, რაც უფრო ეფექტიანი მართვისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. მხარეებმა ასევე განიხილეს პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ ბრალდებულები/ მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი არიან საჭირო სამედიცინო მომსახურებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათთვის ხელმისაწვდომია სპეციალიზებულ სამოქალაქო კლინიკებში გადამისამართების შესაძლებლობა.
დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შეფასებასა და მიმდინარე რეფორმების გაცნობას.
მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პენიტენციური სისტემის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობას.

ლაითურის №1 პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურას და დაგეგმილ ახალ პროექტებს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მოადგილე ლანა მორგოშიასთან და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი პატარიძესთან ერთად გაეცნო.
უახლოეს პერიოდში დაწესებულებაში კინოთეატრი, ფრენბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის სპორტული მოედნები მოეწყობა, რაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს და მათთვის დამატებით საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ შესაძლებლობებს შექმნის.
ლაითურის პენიტენციური დაწესებულება მცირე ზომის, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი პირველი დაწესებულებაა საქართველოში, რომლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა სხვადასხვა კატეგორიის მსჯავრდებულთა უსაფრთხო და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს. დაწესებულებაში ქალი და კაცი მსჯავრდებულები ერთ სივრცეში, ერთმანეთისგან იზოლირებულად, შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით არიან განთავსებული.
მაღალი სტანდარტის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საჭიროებაზე მორგებული არაერთი სივრცე ფუნქციონირებს, მათ შორის, ციფრული უნივერსიტეტი, სადაც მათ ონლაინ ლექციებზე დასწრება და უმაღლესი განათლების მიღება შეუძლიათ; ხანმოკლე, ხანგრძლივი და ვიდეოპაემნებისთვის განკუთვნილი სივრცეები, რომლებიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის; თანამშრომელთა და მსჯავრდებულთა მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით გახსნილია იუსტიციის სახლიც; სამედიცინო ნაწილი სრულად არის უზრუნველყოფილი შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით; მოწყობილია ინდივიდუალური სასეირნო და სარეაბილიტაციო სიცვრცეები ყველა ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულებისთვის.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს დიდი ზომის დაწესებულებების ეტაპობრივად მცირე ზომის, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული პენიტენციური დაწესებულებებით ჩანაცვლება წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ლაითურის №1 პენიტენციური დაწესებულებაც, რომელიც სრულად არის მორგებული როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ისე თანამშრომელთა საჭიროებებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო, ღირსეულ და თანამედროვე გარემოს.

