პატიმართა ესკორტირებისა და თანამშრომელთა მეტი უსაფრთხოებისთვის ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრი გაიხსნა
ცენტრი აღჭურვილია რადიოსიხშირისა და GPშ ნავიგაციის უახლესი და თანამედროვე ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა ოპერატიულად, ეფექტიანად და უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით განხორციელდეს, როგორც მსჯავრდებულთა გადაადგილება, ისე ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს თანამშრომელთა მუშაობაც.
ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრში დასაქმებული თანამშრომლებისთვის პენიტენციურმა სამსახურმა კომფორტული სამუშაო გარემო უზრუნველყო და თანამშრომელთათვის მოსასვენებელი სივრცეც გამოყო, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით და ინვენტარით.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია როგორც პატიმართა პირობების გაუმჯობესება, ისე თანამშრომელთა ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა. ამ მიზნით, სამსახური არაერთ რეფორმასა თუ პროექტს ახორციელებს, რომლებიც სამსახურის საქმიანობას კიდევ უფრო აუმჯობესებს.