
№11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე შეხვდა და პროფესიული გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმებიდან და სპექტაკლებიდან ფრაგმენტების ჩვენება. ღონისძიება კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.
დაწესებულებაში სტუმრობისას მსახიობი, ასევე, გაეცნო მოქმედ სარეაბილიტაციო პროგრამებსა და საგანმანათლებლო სივრცეს, დაათვალიერა ბიბლიოთეკა და დაწესებულებაში მოქმედი ეკლესია.
სპეციალური პენიტენციური სამსახური გააგრძელებს კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას, რომელიც მსჯავრდებულთა განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებულ რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით და საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისის“ ხელშეწყობით №16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსი გაიარეს.
საგანმანათლებლო პროცესი ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ამავე აკადემიის კურსდამთავრებული მსჯავრდებული უძღვებოდა. სწავლების დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ, რაც მათ განთავისუფლების შემდეგ დასაქმებაში დაეხმარებათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით გააგრძელებს პროფესიული განათლების განვითარებასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას.

