დაკავებულ პირს, რომელიც პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა პოლიციისგან სამოქალაქო კლინიკაში გადმოიბარეს, კოვიდ-19 დაუდასტურდა
ბრალდებულისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მყოფი ბრალდებული პოლიციის თანამშრომლებისაგან 1-ლ აგვისტოს 03:12 სთ-ზე ჩაიბარეს. დადგენილი წესის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანამდე, 2020 წლის 1-ლ აგვისტოს 04:00 სთ-ზე ბრალდებულისგან აღებული იქნა ბიოლოგიური მასალა PCR ტესტის ჩასატარებლად. ამავე დღეს, 09:40 სთ-ზე ესკორტის ოფიცრების ცვლა შეიცვალა და ბრალდებული ესკორტის სხვა სამმა ოფიცერმა გადაიბარა. 1-ლ აგვისტოს 16: 30 სთ-ზე მიღებული იქნა ბრალდებულისთვის ჩატარებული ტესტის პასუხი, რომლითაც მას კოვიდ-19 დაუდასტურდა.
ბრალდებულის მდგომარეობა სტაბილურია და ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის და მათი რეკომენდაციების შესაბამისად, გადაწყდება ბრალდებულის მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა და მისი კოვიდ კლინიკაში გადაყვანის საკითხი. აღსანიშნავია, რომ ტესტის დადებითი პასუხის მიღებისთანავე, ესკორტის სამი ოფიცერი (და მათი ოჯახის წევრები), რომლებმაც ბრალდებული 1-ლ აგვისტოს ღამე პოლიციის თანამშრომლებისგან ჩაიბარეს, გადავიდნენ თვითიზოლაციაში. უახლოეს საათებში მათ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ისინი 21 დღეს თვითიზოლაციაში გაატარებენ და მხოლოდ კიდევ ერთხელ ტესტირების გავლის და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს. ასევე, ესკორტის სამი ოფიცერი, რომლებიც ამჟამად ბრალდებულთან ერთად იმყოფება, ბრალდებულის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ (რაც უახლოეს პერიოდში მოხდება) გაივლის ტესტირებას და გადავა თვითიზოლაციაში, სადაც ასევე 21 დღეს გაატარებს. როგორც ზემოთ ითქვა, ბრალდებული ესკორტის ოფიცრებმა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადმოიბარეს. შესაბამისად, იგი პენიტენციურ სისტემაში არ მოხვედრილა და პენიტენციურ სისტემასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.