laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

იუსტიციის მინისტრმა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის შესახებ კონფერენცია გახსნა

იუსტიციის მინისტრმა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის შესახებ კონფერენცია გახსნა
imageVideo
20.02.2020
print
facebook



კონფერენცია სახელწოდებით "დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე" სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის საკითხებზე იმართება. თეა წულუკიანმა გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.


იუსტიციის მინისტრის თქმით, კონფერენციის თემა − თუ რა საფეხურები უნდა გაიაროს კანონთან კონფლიქტში მყოფმა პირმა დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე, ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ მასზეა დამოკიდებული, როგორ მოახერხებს პირი საზოგადოებაში რესოციალიზაციას, რამდენად სწორად გაივლის რეაბილიტაციის პროცესს და, შესაბამისად, რამდენად იქნება საზოგადოება დაცული მისი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის ჩადენისაგან.


"სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პოლიტიკის უპირველესი მიზანი სწორედ ბალანსის უზრუნველყოფაა ადამიანის უფლებათა დაცვასა და საზოგადოების უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას შორის", − განაცხადა თეა წულუკიანმა.


იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარებისათვის მიმდინარე რეფორმებზე, რათა უკეთესი რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პირობები შეექმნათ მსჯავრდებულებს, ყოფილ მსჯავრდებულებსა და სისტემის სხვა ბენეფიციარებს, თავიანთი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, რაც დანაშაულის რეციდივის შემცირებისა და საზოგადოების უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.


"დღეის მდგომარეობით, ჩვენ შევძელით პენიტენციური სისტემის ორგანიზაციული გაძლიერება; სამუშაო პირობების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; ახალი მცირე ზომის დახურული ტიპის დაწესებულებების პროექტირება; რეაბილიტაციის მიმართულების გაძლიერება; მსჯავრდებულთა დასაქმების წახალისება და ხელშეწყობა; პენიტენციური სისტემის Iთ ინფრასტრუქტურის განვითარება; პრობაციის სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გაერთიანება; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის დაფუძნება. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უწყებათაშორისი საზოგადოებრივი დაცვის მექანიზმის (MAPPA) დანერგვაზე", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.


ორდღიანი წარმომადგენლობითი კონფერენცია მრგვალი მაგიდის გარშემო დისკუსიის ფორმატშია დაგეგმილი. განიხილება ყველა ის საფეხური, რომელთაც პირი გაივლის კანონთან კონფლიქტის მომენტიდან პენიტენციური სისტემის დატოვებამდე. დარგის სპეციალისტები, პროფესიონალები და ექსპერტები თითოეულ ამ ეპიზოდს განიხილავენ და კონკრეტულ კაზუსებზე მსჯელობენ. კონფერენცია ორდღიანია და ის მუშაობას ხვალ დაასრულებს.

გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე; აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები; სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, აგრეთვე, დიპლომატიური კორპუსის, პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

humanIcon
hotLineIcon