
სპეციალური პენიტენციური სამსახური ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ორგანიზებას აგრძელებს. ამ მიზნით №16 პენიტენციურ დაწესებულებაში საფეხბურთო მატჩი ჩატარდა.
შეჯიბრებაში საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ სამწვრთნელო შტაბის წევრები და მსჯავრდებულთა გუნდი დაუპირისპირდნენ; გამარჯვება 7:6 მსჯავრდებულებმა მოიპოვეს და გარდამავალი თასი მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში „ლოკომოტივის“ წევრებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად საფეხბურთო ბურთები გადასცეს, სტუმრები კი, მსჯავრდებულებმა საკუთარი ხელნაკეთი ნივთებით დააჯილდოვეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური გააგრძელებს მსჯავრდებულთა სპორტულ აქტივობებში ჩართვას, რაც მათ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში წარმატებულ დაბრუნებას უწყობს ხელს.

სპორტული აქტივობების ხელშეწყობის მიზნით №15 პენიტენციურმა დაწესებულებამ სპორტის ფესტივალს უმასპინძლა. მსჯავრდებულთა შორის ტურნირი ჭადრაკში, შაშსა და მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა.
გამარჯვებულები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
სპორტის მართვის სტრატეგიის შესაბამისად დანერგილი აქტივობების ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში სხვადასხვა სპორტულ სახეობაში ტურნირები რეგულარულად ტარდება; იზრდება მსჯავრდებულთა ჩართულობა, რაც მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.


