laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
თეა წულუკიანი: დღეისათვის პენიტენციური სისტემა მთლიანად უზრუნველყოფილია ახალი უნიფორმებით


ღონისძიება N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა. როგორც მინისტრმა განმარტა, 2018 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან შერწყმის შემდეგ ჩატარდა უნიფორმების ინვენტარიზაცია. ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ პენიტენციურ სისტემას უნიფორმების მწვავე დეფიციტი ჰქონდა, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის2018 წლის 25 დეკემბრის ანგარიშიც ადასტურებს(N76/36 გამოქვეყნების თარიღი 01.02.2019).

მოცემული დეფიციტისა და მისგან გამოწვეული პრობლემების მოკლე დროში აღმოსაფხვრელად, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, მინისტრის2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებით "სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ" განისაზღვრა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების უნიფორმის მახასიათებლები.

ამასთან, 2018 წლის 22 ოქტომბერს გამოცხადდა ტენდერი ესკორტის ოფიცრების უნიფორმების შესაძენად. სატენდერო პირობებში ჩაიდო მოთხოვნა, რომ უნიფორმა უნდა ყოფილიყო ქარხნული წესით დამზადებული და უმაღლესი სტანდარტის, ასევე წყალგაუმტარი, ქარგაუმტარი, მაღალი ხარისხის გამძლე ქსოვილისგან დამზადებული და სხვ. ტენდერის შედეგად შეძენილი ახალი უნიფორმებით 2019 წლის პირველ ნახევარში ესკორტის ოფიცერთა კორპუსი სრულად აღიჭურვა.

დღეს კი ახალი უნიფორმები გადაეცათ პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე პირებს - ინსპექტორ-კონტროლიორებს, უსაფრთხოების ოფიცრებსა და სხვ. მათთვის 1800 კომპლექტი ფორმის შესაძენად ტენდერი 2019 წლის 24 აპრილს გამოცხადდა და ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, სატენდერო პირობებით განსაზღვრული იყო, რომ უნიფორმები უნდა ყოფილიყო მაღალი ხარისხის.

"როდესაც 2018 წელს პენიტენციური სისტემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადმოვიდა, სისტემაში უნიფორმების მწვავე დეფიციტი იყო. დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ - ჩვენ შევძელით, რომ ერთ წელიწადში მთელი პენიტენციური სისტემა ახალი უნიფორმებით მთლიანად ყოფილიყო უზრუნველყოფილი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს ახალი ავტომანქანები გადასცა


2019 წელს ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოსთვის პირველად იქნა შეძენილი სპეციალიზებული, ქარხნული წესით დამზადებული, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით და პროფესიონალური საავტომობილო ციფრული რადიოსადგურით აღჭურვილი ესკორტირების ავტომანქანები. პირველ ეტაპზე ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში 29 ავტომანქანა გადაეცა, მათ შორის ერთი შშმ პირებისთვის ადაპტირებული. დღეს კი მთავარ სამმართველოს ესკორტირების 15 და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 2 ავტომანქანა გადაეცა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ახალი მანქანების შესყიდვის აუცილებლობა პენიტენციურ სისტემაში არსებულმა მწვავე დეფიციტმა განაპირობა. მინისტრის განმარტებით, 2012-2015 წლებში პენიტენციური სისტემისთვის 36 მანქანა იყო შესყიდული, რომელთაგან უმეტესობა მწყობრიდან გამოსვლის გამო ექსპლოატაციიდან იყო ამოღებული.

"იმ პერიოდისთვის, როდესაც მიმდინარე წლის სექტემბერში ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს 29 ახალი, სპეციალიზებული მანქანა გადავეცით, სისტემას სულ 25 ავტომანქანა ემსახურებოდა, რაც პატიმრების სასამართლო პროცესებსა და სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანას აფერხებდა. 2019 წლის დასაწყისისთვის ესკორტირების მანქანების და ესკორტის ოფიცრების დეფიციტის მიზეზით ყოველთვიურად დაახლოებით 250-300 სასამართლო პროცესი იშლებოდა. ესკორტის ოფიცერთა რიცხვის ზრდამ მიმდინარე წლის მარტიდან ივლისამდე პერიოდში ესკორტის ოფიცერთა დეფიციტის გამო ჩაშლილი სასამართლო პროცესების რაოდენობა ორჯერ შეამცირა. ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოსთვის 29 ახალი ავტომანქანის გადაცემით სასამართლო პროცესებსა და სამოქალაქო სექტორის კლინიკებში თავისუფლებააღკვეთილი პირების გადაყვანის პრობლემა მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. მიმდინარე წლის ნოემბერში მხოლოდ 19 პროცესი ჩაიშალა, ხოლო სისტემისთვის დამატებით 15 ავტომანქანის გადაცემის შემდეგ, ესკორტირების მანქანების დეფიციტის მიზეზით სასამართლო პროცესები აღარ ჩაიშლება და პატიმრების სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანაც დროულად და უსაფრთხოდ მოხდება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ესკორტირების მანქანებისა და ესკორტის ოფიცრების დეფიციტის მიზეზით პენიტენციურ სისტემაში 2017 წლიდან სამედიცინო მომსახურების მომლოდინეთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი რიგი იდგა. კერძოდ, 2019 წლის ნოემბრის მდგომარეობით, რეფერალის მომსახურების მიღება ესაჭიროებოდა სულ 2382 ბრალდებულ/მსჯავრდებულს, რომელთაგანაც, გეგმური ამბულატორიის 1 200 შემთხვევაში და გეგმური სტაციონარის 500 შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების ვადები დაირღვა. როგორც ზემოთ აღინიშნა, 2019 წელს ესკორტირების მანქანების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ასევე გაიზარდა ესკორტის ოფიცერთა რაოდენობაც, რადგან 2019 წლის განმავლობაში პირველად პენიტენციურ სისტემაში ღია კონკურსის გზით დასაქმდა ესკორტის 128 ოფიცერი. საკადრო დეფიციტის შევსებამ და ესკორტის მანქანების შესყიდვამ შესაძლებელი გახადა სამედიცინო მომსახურების მომლოდინეთა მომსახურების დაწყება.

"2019 წლის 9 დეკემბრიდან დაიწყო რეფერალის ე.წ. რიგში მდგომთათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა რეფერალის გზით. დღეის მდგომარეობით სტაციონარული მომსახურება უკვე გაეწია 100-მდე ბრალდებულ/მსჯავრდებულს, ხოლო ამბულატორიული - 50-ს. წლის ბოლომდე სტაციონარული სამედიცინო მომსახურება გაეწევა დაახლოებით 70 პატიმარს, ხოლო ამბულატორიული - 50 ბრალდებულ/მსჯავრდებულს. ამასთან, ჩვენ ვგეგმავთ, რომ სტაციონარული მომსახურების მომლოდინეთა რიცხვი 2020 წლის მარტის ბოლოს, ხოლო ამბულატორიული მომსახურების რიგი - აპრილის ბოლოს გავანულოთ. შესაბამისად, 2020 წლის აპრილის ბოლოს ყველა პატიმარი, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წლიდან სამედიცინო მომსახურების რიგში იდგა და ამდენი ხნის განმავლობაში სათანადო სამედიცინო სერვისს ვერ იღებდა, სრულად დაკმაყოფილდება. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, სათანადო მომსახურება გაეწევათ იმ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს, ვისაც ამ პერიოდში შეექნება ამის საჭიროება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის ინიციატივით გლდანის ციხის პატიმრები საჯარო სამსახურში დასაქმდნენ

პროექტში მონაწილე მსჯავრდებულებს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პირადად შეხვდა. მისი თქმით, მსჯავრდებულთა დასაქმება მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია. 

„იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტი არის პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ზრუნვა. მოგეხსენებათ, გლდანის საპყრობილეში უკვე გვაქვს ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც 7 მსჯავრდებული სოფლის მეურნეობის სფეროში არის დასაქმებული. დღეს იწყება მეორე პროექტი ამავე პენიტენციურ დაწესებულებაში და ის არის უპრეცედენტო იმიტომ, რომ პატიმრები საჯარო სამსახურში დასაქმდნენ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დიგიტალიზაციის პროექტში და ექნებათ სტაბილური შემოსავალი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 
პროექტის ფარგლებში N8 პენიტენციური დაწესებულების 10 მსჯავრდებული დასაქმდა და მათი ყოველთვიური სარგო 300 ლარს შეადგენს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი, თათია ხოჭოლავა.
N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ათი მსჯავრდებული დოკუმენტაციის დიგიტალიზაციის სრულ პროცესში მხოლოდ გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების სკანირებას განახორციელებს. სამუშაოს დაწყებამდე, მათ სპეციალური მომზადების კურსი გაიარეს. 
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2014 წლიდან მიმდინარეობს სამოქალაქო აქტის ჩანაწერების (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, გარდაცვალებისა და სხვა აქტების) ციფრულ ფორმატში გადაყვანა. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება, სულ მცირე, 1 000 000 აქტის ასახვა ელექტრონულ ბაზაში და მატერიალური ფორმის სააქტო ჩანაწერების სკანირება შესაბამის ელექტრონულ აქტზე. 
დიგიტალიზაციის პროცესში ჩართულნი არიან პირობით მსჯავრდებულები და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირებიც. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, წარმატებით განახორციელა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარების-საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილი პირების და პირობით მსჯავრდებულების სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა.

თბილისობა 2019-ის ფარგლებში მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს


ორი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ნივთი შეიძინოს. მოცემული ნივთების რეალიზაციიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულების ანგარიშებზე ირიცხება და მათი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

პროცესს ადგილზე გაეცნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პროირიტეტი არის მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია.

"მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს მსჯავრდებულთა როგორც დასაქმებას, ასევე იმას, რომ პატიმრებმა მათ მიერ გაწეული შრომის შედეგი მიიღონ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, წავახალისოთ პენიტენციურ სისტემაში განთავსებული თავისუფლებააღკვეთილი პირები იმისთვის, რომ უსაქმოდ კი არ ატარებდნენ მთელ დღეს, არამედ დასაქმდნენ, ისწავლონ და მაქსიმალურად გამოიყენონ მათთვის სასჯელის სახით განსაზღვრული დრო იმისთვის, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ, რაც მათ გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში დაეხმარება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თბილისობის ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე 7 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების 283 ნივთია გამოფენილი. მათ შორის არის ნახატები, თექით, ტყავით შესრულებული ნამუშევრები, ხეზე ნაკვეთი ნივთები, სამკაულები და სხვა.

იუსტიციის მინისტრი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიერ მოყვანილი მოსავლის აღებას დაესწრო


მინისტრი გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 2019 წლის გაზაფხულიდან მოქმედ სასოფლო-სამეურნეო პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილი მოსავლის აღების პროცესს დაესწრო.

დღეს პატიმრებმა შემდეგი მოსავალი აიღეს - ორ-ორი სახეობის ლობიო და ჭარხალი, კიტრი, პომიდორი, რეჰანი, შაშკულავი და ოხრახუში, ასევე ჟოლო. 

პროექტში 7, გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელის მქონე პირია ჩართული. აღსანიშნავია, რომ აღებული მოსავლის რეალიზაციას, საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, პატიმრები ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ახორციელებენ. გარდა ამისა, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილ პომიდორსა და იისფერ ლობიოს კერძების დასამზადებლად კაფე "ლიტერა" ყიდულობს. პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა პროექტში დასაქმებული პატიმრების შემოსავლის წყაროა. დღეისათვის, პროექტის ფარგლებში პატიმრებს 2000 ლარამდე შემოსავალი აქვთ მიღებული. თანხის ერთი ნაწილი მათ პროექტის დაფინანსებას დაუთმეს, ხოლო დანარჩენი თანხა მათ ბარათებზე შემოსავლის სახით დაირიცხა.

დღესვე, მინისტრმა პროექტში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცა პროექტის მხარდამჭერი სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-ის აგრონომებს, ზვიად ბობოქაშვილს, ირმა ირემაშვილს და ფრიდონ სანაიას, რომლებიც მსჯავრდებულებს პროდუქციის მოყვანაში უწევენ დახმარებას. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ანტუან ლორენ ბარდონი, "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს", "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

მინისტრის თქმით, მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციისათვის.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდნენ, გაზაფხულზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივითა და საფრანგეთ -საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური ხელშეწყობით შემუშავდა. პროექტის მიზანია, დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის, უვადო სრულწლოვანი პატიმრების დასაქმება.

პროექტის მხარდამჭერები საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან ერთად არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი", შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია" და ორგანიზაცია "რეფორმერი".


სპეციალური პენიტენციური სამსახური N8 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის შესახებ ვიდეო მასალას ავრცელებს


სპეციალური პენიტენციური სამსახური უსამძიმრებს პატიმრის ოჯახის წევრებს, მათ შორის მათ, ვინც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მსახურობს, და მკაცრად გმობს პატიმრის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებას, რაც მოცემული მედია საშუალების მხრიდან ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მავნე პრაქტიკის მორიგი მაგალითია. N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისადმი გამოთქმული ბრალდების სერიოზული ხასიათიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური თავს ვალდებულად თვლის, საზოგადოებას მიაწოდოს მომხდართან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო მასალა.

1982 წელს დაბადებული ბრალდებული გ.ჯ-შვილი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2019 წლის 14 მაისს იქნა მოთავსებული. 24 ივლისის დილას, დაახლოებით 08.16 საათზე, მე-3 სარეჟიმო კორპუსის N 223 საკანში მყოფმა სხვა პატიმრებმა შენიშნეს, რომ ბრალდებული თავს ცუდად გრძნობდა. მათ გამოიძახეს ექთანი და მორიგე ექიმი. ჯერ ექთნის, ხოლო შემდგომ ექიმის მისვლისას ბრალდებული იყო უკონტაქტო, არ აღენიშნებოდა პულსაცია პერიფერიულ და მაგისტრალურ სისხლძარღვებზე. დაუყოვნებლივ იქნა დაწყებული სარეანიმაციო ღონისძიებები, რის პარალელურადაც ბრალდებულთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იქნა გამოძახებული. სამედიცინო ბრიგადის მისვლამდე, ბრალდებული საკნიდან გადაყვანილ იქნა დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სადაც გაკეთდა ადრენალინის ინექცია. მიუხედავად სარეანიმაციო ღონისძიებებისა, სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, გადაღებული კარდიოგრამის მიხედვით, დაფიქსირდა ბრალდებულის გარდაცვალება.

წინამდებარე პრესრელიზს ერთვის ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს სარეანიმაციო ღონისძიებებსა და პატიმრის გადარჩენის მცდელობას. ვიდეოში დაფარულია მხოლოდ პატიმართა სახეები. სპეციალური პენიტენციური სამსახური ასევე გამოთქვამს მზაობას, გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებს აჩვენოს სრული ვიდეო ჩანაწერი, რომელიც 23 ივლისის დღეს, 23-24 ივლისის ღამესა და 24 ივლისის დილას სრულად მოიცავს. მოცემული მრავალსაათიანი ვიდეო ჩანაწერის არც ერთი მომენტიდან არ იკვეთება რაიმე ტიპის ზემოქმედება ბრალდებულზე მისივე თანამოსაკნეების ან გარეშე პირების მხრიდან. გარდაცვალების ფაქტზე 24 ივლისს, 09.38 საათზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო დანაყოფის მიერ (სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). იმავე დღეს, ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში (რომლის დროსაც, სხვებს შორის, დადგენილი წესით განხორციელდა თავის ქალის გახსნაც). დამატებითი ინფორმაცია გარდაცვლილი პატიმრის შესახებ: ბრალდებულ გ.ჯ-შვილს, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ, რამდენჯერმე გაეწია კონსულტაცია ოჯახის ექიმის, ფსიქოთერაპევტისა და ფსიქიატრის მიერ, ხოლო დასმული დიაგნოზის შესაბამისად ჩაუტარდა მკურნალობის კურსი. მკურნალობის პერიოდში, ბრალდებულმა რამდენჯერმე უარი განაცხადა პრეპარატების მიღებაზე, რაზეც შედგენილია შესაბამისი აქტები. ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, ბრალდებული გ.ჯ-შვილი იმყოფებოდა ელექტრო-ვიზუალური მეთვალყურეობით აღჭურვილ საკანში. 2 ივლისიდან 16 ივლისის პერიოდში ბრალდებული გ.ჯ-შვილი მოთავსებული იყო ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაუტარდა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

17 ივლისიდან, ბრალდებული გ.ჯ-შვილი მოთავსებული იყო მე-3 სარეჟიმო კორპუსის N 223 საკანში.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გლდანის საპყრობილეში პატიმრების დასაქმების პროექტი ამოქმედდა


ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ანტუან ლორენ ბარდონი, ასევე ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის", შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც გლდანის საპატიმროს მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდნენ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიაციატივითა და საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით შემუშავდა.

პროექტი დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის, უვადო სრულწლოვანი პატიმრების, დასაქმებას ისახავს მიზნად. ამისათვის, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის" რჩევითა და დახმარებით დაწესებულების ერთ-ერთ ეზოში დამუშავდა 3 000 კვ. მ მიწის ნაკვეთი, სადაც პატიმრები ქართული ჯიშის ჟოლოს, ფრანგული ჯიშის ნესვს, ლობიოს, სალათის ფურცლებს, არტიშოკს, პომიდორს და მარწყვს მოიყვანენ. ხილისა და ბოსტნეულის სახეობები ისე შეირჩა, რომ მოყვანილი მოსავლის რეალიზაციაში პატიმრებისთვის დახმარების აღმოჩენა საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატამ შეძლოს ბაზარზე მოთხოვნიდან გამომდინარე, რათა რეალიზაციიდან მიღებული თანხა პატიმრებისთვის შემოსავლის წყაროდ იქცეს. გარდა იმისა, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე პატიმრების დასაქმება, არაერთი მიზეზის გამო, მნიშვნელოვანი საკითხია, მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო თერაპიაა სტრესის მართვის, ასევე, ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის და პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა.

მიწის დამუშავების პროცესი 8 და 9 მაისს მიმდინარეობდა და მასში N8 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებიც იყვნენ ჩართულნი. ზოგიერთი მათგანი უვადო პატიმარია. ისინი, პროექტის დაწყებამდეც, დაწესებულების დირექტორის ინიციატივით, მცირე ზომის ბოსტანს დაწესებულების ეზოში თავისი ხელით უვლიდნენ.

მათი თქმით, სუფთა ჰაერზე მუშაობის შედეგად ანტიდეპრესანტებისა და წნევის მარეგულირებელი მედიკამენტების მიღება შეწყვიტეს, თავს გრძნობენ უფრო მხნედ და იმედიანადაც არიან განწყობილნი. ახალი, მასშტაბური პროექტი კი არა მხოლოდ მათში, არამედ სხვა მსჯავრდებულებშიც დიდ ინტერესს იწვევს. პროექტის მხარდამჭერები არიან საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი", შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია", ფონდი "სალვე" და ორგანიზაცია "რეფორმერი".

humanIcon
hotLineIcon