laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი განსაკუთრებული პირობები ორი კვირის ვადით გახანგრძლივდა



განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეჩერებული აქვთ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება.


ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეჩერებული აქვთ დაწესებულების გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება.დაბოლოს, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშემოსული ბრალდებული/მსჯავრდებული განთავსებულნი იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.

შეგახსენებთ, რომ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის, "საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონა-ვირუსით 2019-ნჩოვ გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N 164 განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული გეგმის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, პატიმრობის კოდექსის 58-ე მუხლისა და "სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის N366 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის "ლ" და "ღ" ქვეპუნქტების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მიმდინარე წლის 5 მარტს გამოსცა ბრძანება 2020 წლის 5-დან 19 მარტის ჩათვლით პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღებასთან დაკავშირებით. ამჯერად ეს ვადა კიდევ ორი კვირით გახანგრძლივდა.


 


imageVideo
ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობების პერიოდში პატიმრები უფასო სატელეფონო ზარებით ისარგებლებენ



პენიტენციურ სისტემაში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის სატელეფონო ლიმიტები პატიმრის საშიშროების რისკისა და პენიტენციური დაწესებულების ტიპის შესაბამისად არის დაწესებული. ნახევრადღია პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს ულიმიტო ფასიანი სატელეფონო საუბრის უფლება აქვთ, ხოლო განსაკუთრებული რეჟიმის დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის, მათი საშიშროების რისკის შესაბამისად, განსაზღვრულია ფასიანი დრო 30 ან 45 წუთი თვეში.

როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობებია შემოღებული, რის შედეგადაც ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე, ასევე საოჯახო და ხანგრძლივი პაემნების უფლებით სარგებლობა შეუჩერდათ. გარე სამყაროსთან ურთიერთობის დეფიციტის ნაწილობრივ შესავსებად, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, და მიმწოდებელ კერძო კომპანიასთან ჩატარებული შესაბამისი სამუშაოების შედეგად, პატიმრები 16 მარტიდან ზემოხსენებული სატელეფონო შეღავათით სარგებლობენ, მათ შორის, განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში. შეღავათის ფარგლებში თითოეულ პატიმარს (გარდა საგამოძიებო ორგანოს მიერ შეზღუდვადაწესებული ბრალდებულებისა და იმ პატიმრებისა, ვისაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი დარღვევის გამო დისციპლინური სახდელის სახით სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ შეზღუდული) 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო აქვს, რომელსაც მომდევნო ერთი თვის განმავლობაში საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენებს.

ერთი კვირაა, რაც საეჭვო სიმპტომების მქონე ახალდაკავებული პირი პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ ხვდება


ერთი კვირაა, რაც ე.წ. მიმღებ ციხეებში, ანუ იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც ახალი ბრალდებულების მიღება ხდება (N5-ქალთა, N8 - გლდანის საპატიმრო და N2 - ქუთაისის საპატიმრო), ბრალდებულთა სამედიცინო შემოწმება პენიტენციური დაწესებულებების შენობის გარეთ, სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო პუნქტში ხორციელდება.

თუ ბრალდებულს არანაირი სიმპტომატიკა არ აღენიშნება, ამასთან არც თავად და არც მის ახლობლებს უახლოეს წარსულში უცხოეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს, მაშინ იგი პენიტენციურ დაწესებულებაში ე.წ. საკარანტინო ზონაში თავსდება, სადაც 21 დღეს გაატარებს. ხოლო თუკი ბრალდებულს რაიმე საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდა, ასეთ ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ ხვდება და იგი შემდგომი დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ჩატარების მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაჰყავთ.

ამ ეტაპზე, საეჭვო სიმპტომების მქონე ბრალდებულის ოდენობა, რომელიც საპატიმროში არ იქნა დაშვებული, არის 9. მათგან ყველაზე საეჭვოს უკვე ჩაუტარდა ტესტი და კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

შაბათ-კვირას პენიტენციურ დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდა


კვირას, 15 მარტს, დეზინფექცია ჩაუტარდა N5 პენიტენციური (ქალთა) დაწესებულებას. სპეციალური ხსნარით დამუშავდა როგორც ადმინისტრაციული შენობა, ასევე პატიმრების საცხოვრებელი კორპუსები, საერთო სივრცეები და ყველა ის ადგილი, სადაც დაწესებულებაში გარედან შესული ადამიანი შეიძლება მოხვდეს.

გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებთან არსებულ საზოგადოებრივ მისაღებებში მოქალაქეთა მისაღებ მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერები დამონტაჟდა, რათა საზოგადოებრივ მისაღებების თანამშრომლები ვირუსის შესაძლო გავრცელებისგან იყვნენ დაცულნი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ვირუსის შესაძლო გავრცელების მიზნით რეგულარულად ჩაატარებს დეზინფექციას პენიტენციურ დაწესებულებებში და ყველა ზომას მიმართავს იმისთვის, რომ დაცულები იყვნენ როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პატიმრები, ასევე სისტემის თანამშრომლები.

imageVideo
პენიტენციურ დაწესებულებებში განმეორებითი სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

13 მარტს, ღამის საათებში დეზინფექცია ჩაუტარდა N8 პენიტენციური დაწესებულების (გლდანის საპატიმრო) საჩხრეკს, ავტომობილების შემოსასვლელსა და მოსაცდელ ოთახებს, სადაც ბრალდებულების მიღება და სასამართლო პროცესებზე გადასაყვანი პატიმრების დაყოვნება ხდება.

ასევე, დეზინფექცია ჩაუტარდა N18 პენიტენციური (სამკურნალო) დაწესებულების ორ სართულსაც, სადაც გარე სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების გადაადგილება ხდება. ეს არის პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის და მედპერსონალის სამუშაო ოთახები და ლაბორატორია. დეზინფექცია ჩაუტარდა კანცელარიას, სადაც დოკუმენტების მიღება ხდება; სპეციალური ხსნარით დამუშავდა საკონფერენციო დარბაზი, კორიდორები. ამასთან, დეზინფექცია ჩაუტარდა საგამოძიებო ოთახებსაც, სადაც ადვოკატები და გამომძიებლები გადაადგილდებიან. სადეზინფექციო სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდა, რადგან დამუშავებული სივრცე დეზინფექციის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში ცარიელი უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ 7-8 მარტს დეზინფექცია ჩატარდა ყველა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობებსა და პატიმრების საცხოვრებელი კორპუსების დერეფნებში, ასევე ყველა იმ სივრცეში, სადაც დაწესებულებაში გარედან შემსვლელი პირები ხვდებიან და პენიტენციურ დაწესებულებებთან არსებულ საზოგადოებრივ მისაღებებში.ხსნარს, რომლითაც პენიტენციური დაწესებულებები მუშავდება, ხანგრძლივი მოქმედების პერიოდი აქვს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად კვლავ მოხდება პენიტენციურ დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი მისაღებებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ ახალი კორონავირუსის საფრთხისგან დაიცვას როგორც სისტემაში განთავსებული პატიმრები, ასევე პენიტენციური სისტემის თანამშრომლები.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს


7 მარტს სამუშაოები ტარდება N2, N3, N5, N6, N8, N11, N12, N14, N16, N17, N18 პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე გარე დაცვის, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოების ბაზებზე (მათ შორის დეზინფექცია უტარდება ესკორტირების მანქანებს, რომელთა მეშვეობით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებსა და სამოქალაქო სექტორის კლინიკებში გადაყვანა ხორციელდება).

8 მარტს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება N7, N9, N15 და N19 პენიტენციურ დაწესებულებებში.

14 მარტს დეზინფექცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობას ჩაუტარდება.
რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებს, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება ყველა იმ სივრცეში, სადაც პენიტენციურ დაწესებულებაში გარედან შემსვლელი პირი შეიძლება მოხვდეს. კერძოდ, საზოგადოებრივ მისაღებებში, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციულ შენობებში, სამედიცინო ნაწილში, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილ ოთახებში, საგამოძიებო ოთახებში და პატიმრების საცხოვრებელი კორპუსების დერეფნებში. სამუშაოები სპეციალურად არასამუშაო დღეებში ტარდება, რადგან დეზინფექციის შემდეგ, სასურველია, დამუშავებული სივრცე 6 საათის განმავლობაში ცარიელი იყოს.

აღსანიშნავია, რომ ხსნარს, რომლითაც პენიტენციური დაწესებულებები მუშავდება, ხანგრძლივი მოქმედების პერიოდი აქვს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად კვლავ მოხდება პენიტენციურ დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი მისაღებებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. სამსახური ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ ახალი კორონავირუსის საფრთხისგან დაიცვას როგორც სისტემაში განთავსებული პატიმრები, ასევე პენიტენციური სისტემის თანამშრომლები.


imageVideo
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირის ვადით განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა



განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე,განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუჩერდათ დაწესებულების  გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება.

დაბოლოს, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშემოსული ბრალდებული/მსჯავრდებული განთავსებულნი იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/ მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.






humanIcon
hotLineIcon