laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
თეა წულუკიანმა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

მასში განთავსებულ პატიმრებს ამ მიმართულებით ბევრად მეტი შესაძლებლობა ექნებათ, ვიდრე დღეს არსებული პენიტენციური დაწესებულებების დიდ ნაწილში მყოფ პატიმრებს აქვთ, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. 

„ლაითურის დაწესებულების ახალი პროექტის მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მსჯავრდებულმა საკნის გარეთ გაატაროს დღის საათები და, ამასთან, საკნის გარეთ გატარებული დრო დატვირთული იყოს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტებით. ამასთანავე, რეგიონში ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც საინტერესოა იმ მხრივ, რომ ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში 500-მდე პირი დასაქმდება. იუსტიციის სამინისტროს სტანდარტის შესაბამისად, თანამშრომლების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის გზით და ამ პროცესში პრიორიტეტი სწორედ ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება”, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მისი თქმით, ამ ეტაპზეც მოსამზადებელ სამუშაოებზე სულ 100-მდე პირი არის დასაქმებული, საიდანაც 64 არის გურიის რეგიონიდან, ხოლო ამ 64-დან 38 პირი დაბა ლაითურის მკვიდრია. სამუშაოების შემდეგ ეტაპზე, როდესაც დაწესებულების სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, ობიექტზე დასაქმებულთა ოდენობაც გაიზრდება და უფრო მეტ ადგილობრივ მცხოვრებს შეეძლება დასაქმება. 

ინფორმაციისთვის, ლაითურის პროექტი არის პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის შესაბამის პროექტთან თანამშრომლობით შემუშავდა და 2019 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, იგეგმება დიდი ზომის ნახევრადღია დაწესებულებების (ე.წ. „ზონების“) მცირე ზომის, შერეული რისკის პენიტენციური დაწესებულებებით ჩანაცვლება. მოცემული მიდგომა „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის“ (CPT) რეკომენდაციებსაც სრულად პასუხობს.

ლაითურის დაწესებულების მიტოვებული მშენებლობის განახლების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უკვე არსებული და დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა 2018 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც ციხეების სისტემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ დაბა ლაითურში 3600 პატიმარზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო. თუმცა, იმ პერიოდში მხოლოდ ნაწილობრივ მოეწყო ძირითადი სარეჟიმო შენობის ფუნდამენტი და სამუშაოები შეწყდა. 2013 წელს სამუშაოები განახლდა და განხორციელდა საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება. მშენებარე დაწესებულება გადაკეთდა 700 პირზე გათვლილ დახურული ტიპის დაწესებულებად. 2013-2016 წლებში მოეწყო გარე პერიმეტრის რკინა-ბეტონის ღობეები და ჩატარდა მიწის მოწყობის სამუშაოები, ნაწილობრივ აშენდა ძირითადი სარეჟიმო და ადმინისტრაციული, ასევე გარე დაცვისა და ბადრაგირების მაშინდელი სამსახურის შენობები, რის შემდეგაც სამუშაოები კვლავ შეწყდა. 2018-2019 წლებში განხორციელდა ლაითურის პენიტენციური დაწესებულების საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება. საპროექტო სამუშაოები დასრულდა 2019 წლის 7 ივნისს, ხოლო 2019 წლის 10 ივნისს დასრულებული დოკუმენტაცია გაიგზავნა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საიდანაც პასუხი პენიტენციურმა სამსახურმა 2020 წლის თებერვალში მიიღო. ამის შემდეგ, 2020 წლის 2 მარტს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა ტენდერი, რომელიც პირველ ჯერზე უშედეგოდ დასრულდა. 

განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი 2020 წლის 22 ივნისს გაფორმდა. კომპანიამ აიღო ვალდებულება, მშენებლობა გააგრძელოს ახალი პროექტის მიხედვით და ის ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში დაასრულოს.

imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება მთავარ არხზე გასულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით



სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, ისევე როგორც ყოფილი პატიმრის ბრალდება, თითქოს ეს ყველაფერი წახალისებული იყო პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან და მუქარები ყოფილი პატიმრის მიმართ დღესაც გრძელდება. ინფორმაციისთვის, ტელეკომპანიის რესპოდენტი, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს ყოფილი ბრალდებული ლ.ტ., საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 2020 წლის 14 თებერვალს მოთავსდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში. მიმდინარე წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის სახით მას დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ლ.ტ.-მ დატოვა საპატიმრო. ვინაიდან N8 პენიტენციური დაწესებულება არის დახურული ტიპის, დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ბრალდებულს შეხება ჰქონდა მხოლოდ მის თანამესაკნეებთან და არ ჰქონია კონფლიქტი არც თანამესაკნეებთან და არც დაწესებულების თანამშრომლებთან. შესაბამისად, მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს მის მიმართ განხორციელებული იყო ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლა, არის სრული სიცრუე.

imageVideo
დაკავებულ პირს, რომელიც პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა პოლიციისგან სამოქალაქო კლინიკაში გადმოიბარეს, კოვიდ-19 დაუდასტურდა


ბრალდებულისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მყოფი ბრალდებული პოლიციის თანამშრომლებისაგან 1-ლ აგვისტოს 03:12 სთ-ზე ჩაიბარეს. დადგენილი წესის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანამდე, 2020 წლის 1-ლ აგვისტოს 04:00 სთ-ზე ბრალდებულისგან აღებული იქნა ბიოლოგიური მასალა PCR ტესტის ჩასატარებლად. ამავე დღეს, 09:40 სთ-ზე ესკორტის ოფიცრების ცვლა შეიცვალა და ბრალდებული ესკორტის სხვა სამმა ოფიცერმა გადაიბარა. 1-ლ აგვისტოს 16: 30 სთ-ზე მიღებული იქნა ბრალდებულისთვის ჩატარებული ტესტის პასუხი, რომლითაც მას კოვიდ-19 დაუდასტურდა.

ბრალდებულის მდგომარეობა სტაბილურია და ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის და მათი რეკომენდაციების შესაბამისად, გადაწყდება ბრალდებულის მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა და მისი კოვიდ კლინიკაში გადაყვანის საკითხი. აღსანიშნავია, რომ ტესტის დადებითი პასუხის მიღებისთანავე, ესკორტის სამი ოფიცერი (და მათი ოჯახის წევრები), რომლებმაც ბრალდებული 1-ლ აგვისტოს ღამე პოლიციის თანამშრომლებისგან ჩაიბარეს, გადავიდნენ თვითიზოლაციაში. უახლოეს საათებში მათ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ისინი 21 დღეს თვითიზოლაციაში გაატარებენ და მხოლოდ კიდევ ერთხელ ტესტირების გავლის და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს. ასევე, ესკორტის სამი ოფიცერი, რომლებიც ამჟამად ბრალდებულთან ერთად იმყოფება, ბრალდებულის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ (რაც უახლოეს პერიოდში მოხდება) გაივლის ტესტირებას და გადავა თვითიზოლაციაში, სადაც ასევე 21 დღეს გაატარებს. როგორც ზემოთ ითქვა, ბრალდებული ესკორტის ოფიცრებმა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადმოიბარეს. შესაბამისად, იგი პენიტენციურ სისტემაში არ მოხვედრილა და პენიტენციურ სისტემასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

humanIcon
hotLineIcon