laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

რატი ბრეგაძემ პენიტენციური სისტემის თითოეულ დასაქმებულს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და 21 მომსახურეს წარმატებული საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო და სიგელი გადასცა. იუსტიციის მინისტრის თქმით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფოს უსაფრთხოების და მართლწესრიგის საკითხში დიდი როლი აკისრია და ამ საპასუხისმგებლო მისიას უწყება წარმატებით ახორციელებს.

რატი ბრეგაძემ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიღწევები გააცნო. აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იმ ადამიანების კეთილდღეობაა, რომლებიც სასჯელის აღსრულებაზე ზრუნავენ. სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომელთათვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში სისტემაში ხელფასები 118%-ითაა გაზრდილი; მომსახურეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო კვებითა და ჯანმრთელობის დაზღვევით; უსაფრთხო ტრანსპორტირებით, თანამედროვე სპორტული მოედნებით, სავარჯიშო სივრცეებითა და სატრენაჟორო დარბაზებით; აქტიურ რეჟიმში ხორციელდება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები.

იუსტიციის მინისტრმა ციხეებში 2012 წლამდე არსებული ვითარებაც გაიხსენა. მისი თქმით, წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც პენიტენციურ სისტემაში პატიმრებს აწამებდნენ; როდესაც ღირსების შელახვას და არაადამიანურ მოპყრობას სისტემური ხასიათი ჰქონდა. დღეს ქართული ციხეები ევროპის მასშტაბით საუკეთესოა. რატი ბრეგაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების ადამიანური სახის ერთ-ერთი ზუსტი მაგალითი სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებებია.

რატი ბრეგაძემ ციხის თანამშრომლებთან ერთად მადლობა გადაუხადა, ასევე, იმ პატიმრებს, რომლებმაც საკუთარი წარმატებული რესოციალიზაციით სხვა პატიმრებსაც მისცეს დადებითი მაგალითი.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ციხეებში განათლების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას. კერძოდ, პატიმრებს შეუძლიათ უმაღლესი განათლების მიღება „ციფრული უნივერსიტეტის“ საშუალებით, რომელიც ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (EuroPris) 3 საუკეთესო ინოვაციურ პროექტს შორის დაასახელა; პროფესიული ცოდნის შეძენა დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში; მათ მიერ შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია და შემოსავლის მიღება; სპორტის სხვადასხვა სახეობაში რეგულარული ვარჯიში და სპორტულ ფესტივალებში მონაწილეობა; წვდომა სახელმწიფო სერვისებზე იუსტიციის სახლის მეშვეობით, რაც მსოფლიოს მასშტაბით ინოვაციას წარმოადგენს.

პროგრესია პენიტენციური ჯანდაცვის სისტემაში: სრულადაა დაძლეული ტუბერკულოზი; ხორციელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა; დანერგილია ინოვაციური სერვისი – ონლაინ კლინიკა, რაც პატიმრებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად ისარგებლონ სამოქალაქო კლინიკის სპეციალისტის კონსულტაციით.

გაუმჯობესებულია პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურა: გაიხსნა ლაითურის ციხე, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, აგრეთვე, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) რეკომენდაციებს; რუსთავში სრულდება მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა.

ამოქმედდა ახალი პენიტენციური კოდექსი, რომელიც აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ახალი პენიტენციური კოდექსის სიკეთეები თითოეულმა პატიმარმა უკვე გამოსცადა საკუთარ თავზე.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმაც. მან სისტემის წარმატებაში რიგითი თანამშრომლების როლს გაუსვა ხაზი.

ღონისძიება იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზაზე გაიმართა, რომელიც რეგიონის მასშტაბით უნიკალური სივრცეა უნივერსალური და სპეციალური სასწავლო-საწვრთნელი კურსების განხორციელებისათვის. მას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელი პირები, მოწვეული სტუმრები.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს შორის შიდა საფეხბურთო ტურნირი მიმდინარეობს

წელს მინი-ფეხბურთის ტურნირში სამსახურის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული 16 გუნდი მონაწილეობს.

პენიტენციური სამსახურისთვის თითოეულ თანამშრომელზე ზრუნვა, მათთვის სპორტის, ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა და გუნდური სულისკვეთების გაძლიერება უმნიშვნელოვანესია. ამ მიზნით სამსახურის თანამშრომლებისთვის მოეწყო სავარჯიშო სივრცე, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო სპორტული ინვენტარით, მათ შორის, ტრენაჟორებით, სარბენი ბილიკით, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდებით.

ტურნირი, რომლის მთავარი მიზანი თანამშრომლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა, მესამე წელია, წარმატებით ტარდება. წლევანდელი ჩემპიონატი ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ბაზაზე თანამშრომლებისთვის მოწყობილ ახალ სტადიონზე მიმდინარეობს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური თანამშრომლებზე ზრუნვას, მათ მხარდაჭერას და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას მომავალშიც გააგრძელებს.

imageVideo
მსჯავრდებულებს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური შეხვდა

პეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით გამართული შეხვედრის ფარგლებში №10 დაწესებულების მსჯავრდებულებს სპორტსმენმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და სპორტის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

შეხვედრა, რომლის მიზანს პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენდა, დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში დაინერგა სპორტის მართვის სტრატეგია, პენიტენციურ დაწესებულებებში სრულად განახლდა სპორტული ინვენტარი და ინფრასტრუქტურა, რაც მსჯავრდებულთა ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

მსჯავრდებულებმა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს გამარჯვება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.

დაწესებულებაში სტუმრობისას სპორტსმენს სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადაეცა.

imageVideo
ახალგაზრდულ კლუბ „YOUTHTITIA-ს“ წევრებს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი შეხვდა

ახალგაზრდულ კლუბ „YOUTHTITIA-ს“ წევრებს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი შეხვდა

ღონისძიება იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაიმართა.

„YOUTHTITIA- ს მონაწილეებთან განხილული იქნა პენიტენციურ სისტემაში არსებული რეფორმები და ახალი პენიტენციური კოდექსი.

ამასთან, 4 დღიანი გასვლითი ღონისძიება მოიცავს რუსთავის მე-16სასჯელაღსრულების დაწესებულების დათვალიერებას და მართვის სპეციფიკის გაცნობას.

არასრულწლოვანთა დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროექტი „მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ ხორციელდება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით და თბილისის ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ ხელშეწყობით №11 დაწესებულების მსჯავრდებულები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამისა და ვორქშოპების გამოყენებით სამუზეუმო საქმიანობას სამი თვის განმავლობაში გაეცნობიან.

პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულები კომპეტენტურ პირთაგან მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზეც, როგორიცაა: „ქართული მუსიკის ისტორია“, ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფია და „დაისი“, ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება და „არტისტული ყვავილები“, კოტე წერეთელი და აღმოსავლეთის კვლევები, ქართული კულტურული მემკვიდრეობა და იუნესკო და სხვა.

ქართული ჰიმნისა და გერბისადმი მიძღვნილი პირველი სალექციო შეხვედრა მსჯავრდებულთა აქტიური ჩართულობითა და დისკუსიით წარიმართა. 

პროექტი, რომელიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად, პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან ხორციელდება. 

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის უმნიშვნელოვანესია არასრულწლოვან ბრალდებულებზე/მსჯავრდებულებზე ზრუნვა, განათლების დონის გაუმჯობესება და საზოგადოებაში მათი ეფექტური ინტეგრაცია. ამ მიზნით დაწესებულებაში 17 ფსიქოსოციალური პროგრამა ფუნქციონირებს.

№8 დაწესებულების ბიბლიოთეკის ფონდს 900 ახალი წიგნი შეემატა

დაწესებულების განახლებულ ფონდში წარმოდგენილია როგორც მხატვრული, ისე სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა. წიგნები სხვადასხვა გამომცემლობისგან №8 დაწესებულების ბიბლიოთეკას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ხელშეწყობით გადაეცა. 

ღონისძიების ფარგლებში მსჯავრდებულებს ერთ-ერთი წიგნის ავტორი, მწერალი რამაზ გიგაურიც შეხვდა, პატიმრებს საკუთარი შემოქმედება გააცნო და წიგნიერების მნიშვნელობაზეც ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური დაწესებულების ფონდის განახლებას კვლავ გააგრძელებს, რაც ხელს შეუწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და მათ ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები რობოტიკისა და ელექტრონიკის საფუძვლებს გაეცნენ

№11 დაწესებულების მსჯავრდებულებმა ინფორმაცია მიიღეს ინოვაციური პროფესიების, მათ შორის, რობოტიკის შესახებ, რაც მათ ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.

სამკვირიანი სალექციო კურსის დასრულების შემდეგ პატიმრებმა რამდენიმე სპეციფიკის რობოტიც დააპროგრამირეს.

სწავლებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექწარმოების და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და რობოტიკის მიმართულების წარმომადგენლები უძღვებოდნენ. 

№11 დაწესებულებაში შემეცნებითი სალექციო ციკლი მომავალშიც გაგრძელდება. არასრულწლოვანი მსჯავრდებულები  გაეცნობიან „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას, ხელოვნური ინტელექტის როლსა და მნიშვნელობას, თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას სხვადასხვა პროფესიაში. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ზრუნვას და მათი სხვადასხვა მიმართულებით განვითარების ხელშეწყობას მომავალშიც გააგრძელებს.

imageVideo
№15 დაწესებულების მსჯავრდებულებს მცენარეთა მოვლა-პატრონობის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ

დარგის სპეციალისტ ლალი გოგინავასგან, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს მებაღეობა-მევენახეობის ინსტიტუტის პრორექტორია, პატიმრებმა ინფორმაცია მიიღეს მცენარეების მოვლასთან, ნიადაგის სწორად მომზადებასთან, გადარგვასთან და დაავადებების პრევენციასთან დაკავშირებით.

სწავლების დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი ლიტერატურაც გადაეცათ.

მიღებული ცოდნა პატიმრებს დაწესებულების ტერიტორიაზე გაშენებული ბაღის სწორად მოვლაში დაეხმარებათ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობა კი, უფრო ეფექტიანს გახდის მათი რეაბილიტაციის პროცესს.

მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით უწყება სხვადასხვა პროგრამის შეთავაზებას ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის მომავალშიც გააგრძელებს.

მსჯავრდებულები თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალზე წარდგენილ ფილმებს შეაფასებენ

პენიტენციურ სისტემაში პირველად, თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალის ორგანიზატორების ინიციატივით, მსჯავრდებულები ძირითად საკონკურსო პროგრამაში წარდგენილ ფილმებს შეაფასებენ და გამარჯვებულებს გამოავლენენ.

პატიმრები ოთხი კატეგორიის – მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ და ექსპერიმენტულ – ფილმებს არსებული კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებენ.

ამ მიზნით №16 პენიტენციურ დაწესებულებას მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალ „დიოგენეს“ ორგანიზატორები ესტუმრნენ, მსჯავრდებულებს ფესტივალის ფარგლებში წარდგენილი ფილმები გადასცეს და შეფასების კრიტერიუმები გააცნეს.

მსჯავრდებულების გარდა, ფილმებს კიდევ ორი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულების დაჯილდოება სექტემბერში გაიმართება.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მასში 100-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის და პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნების ხელშეწყობას კვლავ გააგრძელებს.

humanIcon
hotLineIcon