laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
თეა წულუკიანის ინიციატივით გლდანის ციხის პატიმრები საჯარო სამსახურში დასაქმდნენ

პროექტში მონაწილე მსჯავრდებულებს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პირადად შეხვდა. მისი თქმით, მსჯავრდებულთა დასაქმება მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია. 

„იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტი არის პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ზრუნვა. მოგეხსენებათ, გლდანის საპყრობილეში უკვე გვაქვს ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც 7 მსჯავრდებული სოფლის მეურნეობის სფეროში არის დასაქმებული. დღეს იწყება მეორე პროექტი ამავე პენიტენციურ დაწესებულებაში და ის არის უპრეცედენტო იმიტომ, რომ პატიმრები საჯარო სამსახურში დასაქმდნენ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დიგიტალიზაციის პროექტში და ექნებათ სტაბილური შემოსავალი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 
პროექტის ფარგლებში N8 პენიტენციური დაწესებულების 10 მსჯავრდებული დასაქმდა და მათი ყოველთვიური სარგო 300 ლარს შეადგენს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი, თათია ხოჭოლავა.
N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ათი მსჯავრდებული დოკუმენტაციის დიგიტალიზაციის სრულ პროცესში მხოლოდ გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების სკანირებას განახორციელებს. სამუშაოს დაწყებამდე, მათ სპეციალური მომზადების კურსი გაიარეს. 
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2014 წლიდან მიმდინარეობს სამოქალაქო აქტის ჩანაწერების (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, გარდაცვალებისა და სხვა აქტების) ციფრულ ფორმატში გადაყვანა. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება, სულ მცირე, 1 000 000 აქტის ასახვა ელექტრონულ ბაზაში და მატერიალური ფორმის სააქტო ჩანაწერების სკანირება შესაბამის ელექტრონულ აქტზე. 
დიგიტალიზაციის პროცესში ჩართულნი არიან პირობით მსჯავრდებულები და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირებიც. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, წარმატებით განახორციელა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარების-საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილი პირების და პირობით მსჯავრდებულების სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა.

თბილისობა 2019-ის ფარგლებში მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს


ორი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ნივთი შეიძინოს. მოცემული ნივთების რეალიზაციიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულების ანგარიშებზე ირიცხება და მათი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

პროცესს ადგილზე გაეცნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პროირიტეტი არის მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია.

"მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს მსჯავრდებულთა როგორც დასაქმებას, ასევე იმას, რომ პატიმრებმა მათ მიერ გაწეული შრომის შედეგი მიიღონ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, წავახალისოთ პენიტენციურ სისტემაში განთავსებული თავისუფლებააღკვეთილი პირები იმისთვის, რომ უსაქმოდ კი არ ატარებდნენ მთელ დღეს, არამედ დასაქმდნენ, ისწავლონ და მაქსიმალურად გამოიყენონ მათთვის სასჯელის სახით განსაზღვრული დრო იმისთვის, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ, რაც მათ გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში დაეხმარება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თბილისობის ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე 7 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების 283 ნივთია გამოფენილი. მათ შორის არის ნახატები, თექით, ტყავით შესრულებული ნამუშევრები, ხეზე ნაკვეთი ნივთები, სამკაულები და სხვა.

იუსტიციის მინისტრი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიერ მოყვანილი მოსავლის აღებას დაესწრო


მინისტრი გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 2019 წლის გაზაფხულიდან მოქმედ სასოფლო-სამეურნეო პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილი მოსავლის აღების პროცესს დაესწრო.

დღეს პატიმრებმა შემდეგი მოსავალი აიღეს - ორ-ორი სახეობის ლობიო და ჭარხალი, კიტრი, პომიდორი, რეჰანი, შაშკულავი და ოხრახუში, ასევე ჟოლო. 

პროექტში 7, გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელის მქონე პირია ჩართული. აღსანიშნავია, რომ აღებული მოსავლის რეალიზაციას, საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, პატიმრები ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ახორციელებენ. გარდა ამისა, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილ პომიდორსა და იისფერ ლობიოს კერძების დასამზადებლად კაფე "ლიტერა" ყიდულობს. პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა პროექტში დასაქმებული პატიმრების შემოსავლის წყაროა. დღეისათვის, პროექტის ფარგლებში პატიმრებს 2000 ლარამდე შემოსავალი აქვთ მიღებული. თანხის ერთი ნაწილი მათ პროექტის დაფინანსებას დაუთმეს, ხოლო დანარჩენი თანხა მათ ბარათებზე შემოსავლის სახით დაირიცხა.

დღესვე, მინისტრმა პროექტში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცა პროექტის მხარდამჭერი სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-ის აგრონომებს, ზვიად ბობოქაშვილს, ირმა ირემაშვილს და ფრიდონ სანაიას, რომლებიც მსჯავრდებულებს პროდუქციის მოყვანაში უწევენ დახმარებას. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ანტუან ლორენ ბარდონი, "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს", "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

მინისტრის თქმით, მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციისათვის.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდნენ, გაზაფხულზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივითა და საფრანგეთ -საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური ხელშეწყობით შემუშავდა. პროექტის მიზანია, დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის, უვადო სრულწლოვანი პატიმრების დასაქმება.

პროექტის მხარდამჭერები საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან ერთად არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი", შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია" და ორგანიზაცია "რეფორმერი".


სპეციალური პენიტენციური სამსახური N8 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის შესახებ ვიდეო მასალას ავრცელებს


სპეციალური პენიტენციური სამსახური უსამძიმრებს პატიმრის ოჯახის წევრებს, მათ შორის მათ, ვინც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მსახურობს, და მკაცრად გმობს პატიმრის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებას, რაც მოცემული მედია საშუალების მხრიდან ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მავნე პრაქტიკის მორიგი მაგალითია. N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისადმი გამოთქმული ბრალდების სერიოზული ხასიათიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური თავს ვალდებულად თვლის, საზოგადოებას მიაწოდოს მომხდართან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო მასალა.

1982 წელს დაბადებული ბრალდებული გ.ჯ-შვილი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2019 წლის 14 მაისს იქნა მოთავსებული. 24 ივლისის დილას, დაახლოებით 08.16 საათზე, მე-3 სარეჟიმო კორპუსის N 223 საკანში მყოფმა სხვა პატიმრებმა შენიშნეს, რომ ბრალდებული თავს ცუდად გრძნობდა. მათ გამოიძახეს ექთანი და მორიგე ექიმი. ჯერ ექთნის, ხოლო შემდგომ ექიმის მისვლისას ბრალდებული იყო უკონტაქტო, არ აღენიშნებოდა პულსაცია პერიფერიულ და მაგისტრალურ სისხლძარღვებზე. დაუყოვნებლივ იქნა დაწყებული სარეანიმაციო ღონისძიებები, რის პარალელურადაც ბრალდებულთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იქნა გამოძახებული. სამედიცინო ბრიგადის მისვლამდე, ბრალდებული საკნიდან გადაყვანილ იქნა დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სადაც გაკეთდა ადრენალინის ინექცია. მიუხედავად სარეანიმაციო ღონისძიებებისა, სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, გადაღებული კარდიოგრამის მიხედვით, დაფიქსირდა ბრალდებულის გარდაცვალება.

წინამდებარე პრესრელიზს ერთვის ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს სარეანიმაციო ღონისძიებებსა და პატიმრის გადარჩენის მცდელობას. ვიდეოში დაფარულია მხოლოდ პატიმართა სახეები. სპეციალური პენიტენციური სამსახური ასევე გამოთქვამს მზაობას, გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებს აჩვენოს სრული ვიდეო ჩანაწერი, რომელიც 23 ივლისის დღეს, 23-24 ივლისის ღამესა და 24 ივლისის დილას სრულად მოიცავს. მოცემული მრავალსაათიანი ვიდეო ჩანაწერის არც ერთი მომენტიდან არ იკვეთება რაიმე ტიპის ზემოქმედება ბრალდებულზე მისივე თანამოსაკნეების ან გარეშე პირების მხრიდან. გარდაცვალების ფაქტზე 24 ივლისს, 09.38 საათზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო დანაყოფის მიერ (სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). იმავე დღეს, ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში (რომლის დროსაც, სხვებს შორის, დადგენილი წესით განხორციელდა თავის ქალის გახსნაც). დამატებითი ინფორმაცია გარდაცვლილი პატიმრის შესახებ: ბრალდებულ გ.ჯ-შვილს, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ, რამდენჯერმე გაეწია კონსულტაცია ოჯახის ექიმის, ფსიქოთერაპევტისა და ფსიქიატრის მიერ, ხოლო დასმული დიაგნოზის შესაბამისად ჩაუტარდა მკურნალობის კურსი. მკურნალობის პერიოდში, ბრალდებულმა რამდენჯერმე უარი განაცხადა პრეპარატების მიღებაზე, რაზეც შედგენილია შესაბამისი აქტები. ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, ბრალდებული გ.ჯ-შვილი იმყოფებოდა ელექტრო-ვიზუალური მეთვალყურეობით აღჭურვილ საკანში. 2 ივლისიდან 16 ივლისის პერიოდში ბრალდებული გ.ჯ-შვილი მოთავსებული იყო ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაუტარდა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

17 ივლისიდან, ბრალდებული გ.ჯ-შვილი მოთავსებული იყო მე-3 სარეჟიმო კორპუსის N 223 საკანში.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გლდანის საპყრობილეში პატიმრების დასაქმების პროექტი ამოქმედდა


ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ანტუან ლორენ ბარდონი, ასევე ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის", შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც გლდანის საპატიმროს მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდნენ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიაციატივითა და საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით შემუშავდა.

პროექტი დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის, უვადო სრულწლოვანი პატიმრების, დასაქმებას ისახავს მიზნად. ამისათვის, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის" რჩევითა და დახმარებით დაწესებულების ერთ-ერთ ეზოში დამუშავდა 3 000 კვ. მ მიწის ნაკვეთი, სადაც პატიმრები ქართული ჯიშის ჟოლოს, ფრანგული ჯიშის ნესვს, ლობიოს, სალათის ფურცლებს, არტიშოკს, პომიდორს და მარწყვს მოიყვანენ. ხილისა და ბოსტნეულის სახეობები ისე შეირჩა, რომ მოყვანილი მოსავლის რეალიზაციაში პატიმრებისთვის დახმარების აღმოჩენა საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატამ შეძლოს ბაზარზე მოთხოვნიდან გამომდინარე, რათა რეალიზაციიდან მიღებული თანხა პატიმრებისთვის შემოსავლის წყაროდ იქცეს. გარდა იმისა, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე პატიმრების დასაქმება, არაერთი მიზეზის გამო, მნიშვნელოვანი საკითხია, მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო თერაპიაა სტრესის მართვის, ასევე, ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის და პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა.

მიწის დამუშავების პროცესი 8 და 9 მაისს მიმდინარეობდა და მასში N8 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებიც იყვნენ ჩართულნი. ზოგიერთი მათგანი უვადო პატიმარია. ისინი, პროექტის დაწყებამდეც, დაწესებულების დირექტორის ინიციატივით, მცირე ზომის ბოსტანს დაწესებულების ეზოში თავისი ხელით უვლიდნენ.

მათი თქმით, სუფთა ჰაერზე მუშაობის შედეგად ანტიდეპრესანტებისა და წნევის მარეგულირებელი მედიკამენტების მიღება შეწყვიტეს, თავს გრძნობენ უფრო მხნედ და იმედიანადაც არიან განწყობილნი. ახალი, მასშტაბური პროექტი კი არა მხოლოდ მათში, არამედ სხვა მსჯავრდებულებშიც დიდ ინტერესს იწვევს. პროექტის მხარდამჭერები არიან საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი", შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია", ფონდი "სალვე" და ორგანიზაცია "რეფორმერი".

გიორგი პატარიძემ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომა მიულოცა



სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თქმით, არასრულწლოვანი პატიმრები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და სათანადო ყურადღებას საჭიროებს.

"დღეს მოვედით N11 პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცოთ. მათ საქართველოს საპატრიაქოს მიერ გამოგზავნილი სააღდგომო ნობათი გადავეცით, რისთვისაც საპატრიარქოს მინდა მადლობა გადავუხადო. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და თითოეულ თავისუფლებააღკვეთილ პირს მივულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!",- განაცხადა გიორგი პატარიძემ.

სააღდგომო ნობათი საქართველოს საპატრიარქოსგან N8 და N2 პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულმა არასრუწლოვანმა ბრალდებულ/მსჯავრდებულებმა, ასევე N5 (ქალთა) დაწესებულების პატიმრებმა მიიღეს.




თეა წულუკიანმა ესკორტის ოფიცრებს ახალი უნიფორმები გადასცა


მინისტრის თქმით, 2018 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან შერწყმის შემდეგ ჩატარდა უნიფორმების ინვენტარიზაცია. ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ პენიტენციურ სისტემას უნიფორმების მწვავე დეფიციტი ჰქონდა, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის 2018 წლის 25 დეკემბრის ანგარიშიც ადასტურებს (N76/36 გამოქვეყნების თარიღი 01.02.2019).
მოცემული დეფიციტისა და მისგან გამოწვეული პრობლემების მოკლე დროში აღმოსაფხვრელად, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, მინისტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებით "სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ" განისაზღვრა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების უნიფორმის მახასიათებლები.

ამასთანავე, 2018 წლის 22 ოქტომბერს გამოცხადდა ტენდერი ბადრაგების (ამჟამად ესკორტის ოფიცრები) უნიფორმების შესაძენად. სატენდერო პირობებში ჩაიდო მოთხოვნა, რომ უნიფორმა უნდა ყოფილიყო ქარხნული წესით დამზადებული და უმაღლესი სტანდარტის, ასევე წყალგაუმტარი, ქარგაუმტარი, მაღალი ხარისხის გამძლე ქსოვილისგან დამზადებული და სხვ.

აღნიშნული პირობებით ჩატარებული ტენდერის შედეგად შეძენილი ახალი უნიფორმების პრეზენტაცია დღეს გლდანში, იმ ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც თეა წულუკიანის თქმით, 2020 წლიდან დაიწყება ესკორტირების და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოსთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზის მოწყობა. ბაზაზე განთავსდება ავტოპარკი და მოეწყობა საწვრთნელი ბაზა, სადაც ესკორტის ოფიცრები თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. იქვე განთავსდება სასროლეთიც. ეს ბაზა ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა ღირსეულ სამუშაო პირობებს, კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს და შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს გამართული ფუნქციონირების საფუძველი იქნება.

ახალი უნიფორმები 300 ესკორტის ოფიცერს გადაეცა. ამით 70 პროცენტით აღიჭურვა ახლახან შექმნილი ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველო, რომელიც 2019 წლის თებერვალში ბადრაგირებისა და სასჯელაღსრულების ე.წ. "სპეცნაზის" გაუქმებული დანაყოფების ბაზაზე შეიქმნა. ესკორტის მოქმედ ოფიცერთა და კონკურსის შედეგად შემომატებული ახალი კადრების უნიფორმებით სრულად აღჭურვა ზაფხულამდე უნდა დასრულდეს.

"ჩვენ უკვე შემოდგომიდან დავიწყეთ ესკორტის ოფიცრებისთვის ხელფასის ზრდა იმ ფინანსური რესურსის ფარგლებში, რაც პენიტენციურ სამსახურს გააჩნდა, ასევე საკადრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად 52 ახალი ოფიცერი შევარჩიეთ ღია კონკურსის გზით, თითოეული ესკორტის ოფიცრისთვის პრაქტიკაში სავალდებულოდ ვაქციეთ ფიზიკური ნორმატივის ჩაბარება და იარაღის მოხმარების ცოდნა. ამჟამად მიმდინარეობს ახალი კონკურსი 111 ესკორტის ოფიცრის პოზიციაზე. თითოეულმა ოფიცერმა იცის, რომ მის ნორმალურ სამუშაო გრაფიკზე, ხელფასზე, ჩაცმულობაზე, პროფესიულ განვითარებასა და დაცულობაზე ზრუნავს იუსტიციის სისტემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ესკორტის ოფიცერს პირდაპირი შეხება აქვს პატიმართან და მის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისწრაფე და ხარისხი." - განაცხადა იუტიციის მინისტრმა.

ესკორტის ოფიცრებში ხელფასების ზრდა ორ ეტაპად განხორციელდა და საშუალოდ 270 ლარით გაიზარდა.

რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე თანამშრომლებს - ინსპექტორ-კონტროლიორებს, უსაფრთხოების ოფიცრებსა და სხვ. (ჯამში 1780 პირი), უნიფორმების დეფიციტი კვლავ გამოწვევად რჩება. ამიტომაც, 2019 წლის 30 იანვარს გამოცხადდა ტენდერი 1800 კომპლექტზე. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, სატენდერო პირობებით განსაზღვრულია, რომ უნიფორმები უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ქარგაუმტარი, წყალგაუმტარი, ასევე უნდა ჰქონდეს ორწლიანი გარანტია. შესაბამისი სატენდერო და სხვა პროცედურების გავლის შემდეგ, უნიფორმები მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის მიეწოდებათ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს.


 

პენიტენციურ სისტემაში წვევამდელთა ინსტიტუტი სრულად გაუქმდება


სამუშაო შეხვედრაში, რომელიც N 6 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე და მისი მოადგილეები მონაწილეობდნენ. საუბარი შეეხო პენიტენციურ სისტემაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის წესების რეფორმას. მსჯელობის შედეგად შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პენიტენციურ სისტემაში წვევამდელთა ინსტიტუტი საერთოდ გაუქმდეს და სისტემა ეტაპობრივად გადავიდეს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა პენიტენციურ სამსახურს უფრო მიმზიდველს გახდის ახალგაზრდებისთვის, ან მათთვის ვისაც კონტრაქტის საფუძველზე დააინტერესებს, რომ პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების სფეროში იმსახუროს. „რა თქმა უნდა, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სამუშაო შეხვედრის დროს მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ახალი დაწესებულებები, რომლებიც ლაითურში, ქსანში და რუსთავში უნდა გაიხსნას (სადაც მშენებლობები მიმდინარეობს, ან სამუშაოები დაგეგმვის პროცესშია), ჩვენ ახალი სისტემა გვექნება, ანუ ამ დაწესებულებების გარე პერიმეტრს დაიცავენ არა წვევამდელები, არამედ კონტრაქტით დასაქმებული პირები.

რაც შეეხება 15 მოქმედ დაწესებულებას, აქ შევთანხმდით, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სამოქმედო გეგმის საფუძველზე ეტაპობრივად შევცვლით მოქმედ, ანუ ძველ სისტემას ახლით. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის სწორი რჩევებისთვის. მოგეხსენებათ, ის არის სამხედრო საქმის ექსპერტი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილებების მიღებისას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივას მხარი დაუჭირა ირაკლი სესიაშვილმა, რომლის თქმით, აღნიშნული წამოწყების განხორციელება ხელს შეუწყობს იმ მიზანს, რომ წვევამდელები მხოლოდ სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში იყვნენ დასაქმებულები.

„მივესალმები მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ პენიტენციურ სისტემაში ეტაპობრივად გაუქმდეს წვევამდელთა მიღება. ეს არის მთავრობის და პარლამენტის ერთიანი სულისკვეთება. დიახ, ჩვენ ვამბობთ, და გავატარებთ იმ პოლიტიკას, რომ ყველა წვევამდელი უნდა ემსახურებოდეს საერთო თავდაცვის და სამხედრო მიზნებს. ამიტომ კარგია, რომ პენიტენციურ სისტემაში წვევამდელების გაწვევა აღარ მოხდება, რაც რა თქმა უნდა, იმ დისკომფორტს მოხსნის, რაც (უნდა ვაღიაროთ) წვევამდელებს ამ სისტემაში სამსახურის დროს აქვთ. შესაბამისად, მეტი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ წვევამდელებმა იმსახურონ იმ უწყებებში, რომლებიც მოემსახურება თავდაცვის, უსაფრთხოების და სამხედრო მიზნებს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

humanIcon
hotLineIcon