laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ყველა სახის ამანათის შეგზავნა განახლდება



ყველა ნივთი, რაც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით მიწოდებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში გაივლის დეზინფექციას (გარდა საკვები პროდუქტებისა). სპეციალურად ამ მიზნით, პენიტენციურ სამსახურში შეიქმნა მობილური ჯგუფი, რომელიც ყველა ამანათის შიგთავსს დაამუშავებს საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სპეციალური ხსნარით, რომელიც უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დეზინფექციის ამ სამუშაოს ჩატარებას გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომაც, გზავნილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოწოდების მომენტიდან მისი პატიმრისთვის ჩაბარებას ჩვეულებრივზე რამდენიმე საათით მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს.

ეპიდემიოლოგების განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში კოვიდ 19-თან თანაცხოვრება მოუწევთ და საჭიროა ამისთვის მზადება. სპეციალური პენიტენციური სამსახური, მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა, მომავალშიც გააგრძელებს პრევენციულ ღონისძიებებს და ამანათების დეზინფექციის გადაწყვეტილებაც ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, აკრძალული იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების და საფოსტო გზავნილების (გარდა წერილებისა) შეგზავნა.

ერთი კვირაა, რაც საეჭვო სიმპტომების მქონე ახალდაკავებული პირი პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ ხვდება


ერთი კვირაა, რაც ე.წ. მიმღებ ციხეებში, ანუ იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც ახალი ბრალდებულების მიღება ხდება (N5-ქალთა, N8 - გლდანის საპატიმრო და N2 - ქუთაისის საპატიმრო), ბრალდებულთა სამედიცინო შემოწმება პენიტენციური დაწესებულებების შენობის გარეთ, სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო პუნქტში ხორციელდება.

თუ ბრალდებულს არანაირი სიმპტომატიკა არ აღენიშნება, ამასთან არც თავად და არც მის ახლობლებს უახლოეს წარსულში უცხოეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს, მაშინ იგი პენიტენციურ დაწესებულებაში ე.წ. საკარანტინო ზონაში თავსდება, სადაც 21 დღეს გაატარებს. ხოლო თუკი ბრალდებულს რაიმე საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდა, ასეთ ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ ხვდება და იგი შემდგომი დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ჩატარების მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაჰყავთ.

ამ ეტაპზე, საეჭვო სიმპტომების მქონე ბრალდებულის ოდენობა, რომელიც საპატიმროში არ იქნა დაშვებული, არის 9. მათგან ყველაზე საეჭვოს უკვე ჩაუტარდა ტესტი და კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

შაბათ-კვირას პენიტენციურ დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდა


კვირას, 15 მარტს, დეზინფექცია ჩაუტარდა N5 პენიტენციური (ქალთა) დაწესებულებას. სპეციალური ხსნარით დამუშავდა როგორც ადმინისტრაციული შენობა, ასევე პატიმრების საცხოვრებელი კორპუსები, საერთო სივრცეები და ყველა ის ადგილი, სადაც დაწესებულებაში გარედან შესული ადამიანი შეიძლება მოხვდეს.

გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებთან არსებულ საზოგადოებრივ მისაღებებში მოქალაქეთა მისაღებ მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერები დამონტაჟდა, რათა საზოგადოებრივ მისაღებების თანამშრომლები ვირუსის შესაძლო გავრცელებისგან იყვნენ დაცულნი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ვირუსის შესაძლო გავრცელების მიზნით რეგულარულად ჩაატარებს დეზინფექციას პენიტენციურ დაწესებულებებში და ყველა ზომას მიმართავს იმისთვის, რომ დაცულები იყვნენ როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პატიმრები, ასევე სისტემის თანამშრომლები.

humanIcon
hotLineIcon