

დაწესებულების თანამშრომლებს, მათ შორის მედპერსონალს, ტექნიკურ პერსონალს და ა.შ. გეგმიური PCR ტესტირება ჩაუტარდათ და უარყოფითი პასუხების მიღების შემდეგ დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე 40 თანამშრომელი ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. მათ შორის არიან ის პირები, ვინც აქამდეც (მიმდინარე წლის 29 მარტიდან) როტაციის პრინციპით მუშაობდა ყაზარმულ რეჟიმში. მათ 28 სექტემბერს უნდა დაეტოვებინათ დაწესებულება და სხვა თანამშრომლებით ჩანაცვლებულიყვნენ, მაგრამ იმისათვის, რომ არ მოხდეს დაწესებულებაში ვირუსის შეტანა, ეს პირები დაწესებულებაში დარჩნენ. 4 ოქტომბრიდან კი მათ დაემატა მედპერსონალი, ტექნიკური პერსონალი, ასევე დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიასა და სასადილოში დასაქმებული კერძო კომპანიების თანამშრომლები.


"საკარანტინო რეჟიმში ამუშავებთ (პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს) და დაფასება ნოლი!!! ხელფასები მაინც მოუმატეთ", - მიმართა მან აწ უკვე ყოფილ იუსტიციის მინისტრს.
მას შემდეგ, რაც 2018 წლის ივლისში პენიტენციური სისტემა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადავიდა, პატიმართან ერთად პენიტენციური სისტემის თანამშრომელიც გახდა განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. სისტემის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება მას შემდეგ ყოველწლიურად იზრდება.
მაგალითად, N8 პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორ-კოტროლიორის თანამდებობრივი სარგო დღეს არის 1530 ლარი (რაც 2018 წლის ივლისისთვის არსებულ სარგოს 410 ლარით აღემატება), ოპერატიული მორიგის - 1920 ლარი (რაც 2018 წლის ივლისისთვის არსებულ სარგოზე 735 ლარით მეტია), ხოლო მთავარი ინსპექტორის - 1850 (რაც 2018 წლის ივლისისთვის არსებულ სარგოს 585 ლარით აღემატება) და ა.შ.
ასევე დაწესებულებებისა და სამუშაოს სპეციფიკის შესაბამისად, გაზრდილია სხვა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, მათ შორის 2020 წლის თებერვალში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად, გაიზარდა ყველა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის შრომითი ანაზღაურება.
რაც შეეხება ბოლო თვეებში პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ყაზარმულ რეჟიმში მომუშავე თანამშრომლებს. შეგახსენებთ, კოვიდ-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. 29 მარტიდან კი პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდნენ. ამ შრომის ასანაზღაურებლად, მოცემული პირები ყოველთვიურად იღებენ შესაბამის დანამატს. თავდაპირველად, სამი თვის განმავლობაში ეს იყო 100%-იანი დანამატი. მოგვიანებით, ახალი სამუშაო გრაფიკის დამტკიცების შემდეგ (რაც გულისხმობს ყაზარმულ რეჟიმში ყოფნას როტაციის პრინციპით) დაწესებულებების თანამშრომლებს ყოველთვიურად ეძლევათ დანამატი სარგოს 20%-ის ოდენობით. ვინაიდან ეპიდსიტუაცია არ იძლევა პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობების მოხსნის შესაძლებლობას, ხოლო გაცემული დანამატების ოდენობამ კანონით დაშვებულ ზღვარს მიაღწია, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოიყენა მისთვის პატიმრობის კოდექსით მინიჭებული უფლება და გამოსცა ბრძანება, რომლის შესაბამისად, ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებს დაუწესდათ ყოველთვიური დანამატი, არაუმეტეს მათი სრული თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობისა. შედეგად, მოცემული პირები დანამატს განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში დაუბრკოლებლად იღებდნენ და ღებულობენ.
შესაბამისად, ადვოკატ კობაიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების შრომა არ ფასდება და პენიტენციური სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა მათზე არ ზრუნავს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა, რასაც ადვოკატი კობაიძე კვლავ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს.


„დღეს მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ციხეში არა მხოლოდ პატიმრის უფლებებია უფრო მაღალი ხარისხით დაცული, ვიდრე იყო ოდესმე, არამედ თანამშრომლის ღირსებაც არის დაცული და პატივცემული. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირველ პერიოდში სწორედ ციხეში სუსტი თანამშრომელი იყო ჩვენი გამოწვევა, რომელიც დღეს აღარ არსებობს. თანამშრომელი დღეს ციხეში აღარ არის სუსტი და დაუცველი. ღიად ვიტყვი, მას აღარ ენატრება წარსული, მას ძალიან მოსწონს აწმყო და ელის კიდევ უფრო კარგ მომავალს, რომელიც, სხვათა შორის, 1-ელ ნოემბერს დადგება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.


კერძოდ, მიმდინარე წლის 25 სექტემბერს რამდენიმე ტელეარხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის საპროტესტო აქციის შესახებ. ადვოკატი მტკიცებით ფორმაში საუბრობდა მსჯავრდებულთა მიმართ გაუპატიურებით დამუქრებაზე N8 დაწესებულების დირექტორის მხრიდან.
პენიტენციური სამსახურის მიერ ადვოკატთა ასოციაციისათვის გაგზავნილ საჩივარში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ცილისწამება, ადვოკატი კობაიძე ორჯერ იქნა მიწვეული ფაქტების ან ინფორმაციის წარსადგენად მის მიერ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, რაზეც მან უარი განაცხადა. პენიტენციური სამსახური გამოთქვამს მზაობას, ადვოკატთა ასოციაციის დაინტერესების შემთხვევაში, სრულად ითანამშრომლოს მასთან და მიაწოდოს სრულფასოვანი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებთან, რომელშიც ადვოკატი კობაიძე არის ჩართული. ასევე საჩივარში აღნიშნულია, რომ საეჭვოდ და პრობლემატურად გამოიყურება ამ ქმედებებში ალექსანდრე კობაიძის დიდი მონდომება პენიტენციური დაწესებულების დისკრედიტაციისთვის. ალექსანდრე კობაიძე არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გაცხადებული გეგმა. როგორც ჩანს, ამ მიზნით ალექსანდრე კობაიძე არ ერიდება არც ტყუილს და არც პატიმრებისა და საპატიმროების თემით არაკეთილსინდისიერ მანიპულირებას.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ ადვოკატის მოცემული ქმედებები ნამდვილად არ შეუწყობს ხელს საზოგადოებაში ადვოკატის პროფესიის რეპუტაციისა და ადვოკატთა კორპუსის ავტორიტეტის ზრდას. ამიტომაც, თავად ადვოკატთა ასოციაციის ინტერესშია, რომ შეფასდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს ადვოკატ კობაიძის ზემოთ აღწერილ ქმედებებს.


