
ამჯერად №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებას, საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, თბილისის კონსერვატორიის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში შესრულდა საგალობლები, ხალხური და ქალაქური მუსიკალური ნომრები.
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთათვის ეფექტიანი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობას კვლავ ინტენსიურად გააგრძელებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ ბრალდებულ ი. გ.-ს მიმართ ძალადობა განხორციელდა.
გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანასა და პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.
განვმარტავთ, რომ ბრალდებული ი.გ. №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. დაწესებულებაში შესახლების დღიდან ბრალდებული იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მას შესახლებისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება და სათანადო კვლევები.
ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულ ი.გ.-ს ან მის უფლებადამცველს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პენიტენციური სამსახურის და №8 დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის საჩივარი ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ არ დაუფიქსირებიათ.
2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ი.გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რა დროსაც დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა და დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა 112-ის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ბრალდებულს ჩაუტარდა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევები და მიღებული შედეგების მიხედვით განხორციელდა შესაბამისი სამედიცინო ინტერვენცია. ამჟამად ბრალდებული ი.გ. კვლავ იმყოფება სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურ კომუნიკაციაშია ბრალდებულის ოჯახთან და სახალხო დამცველის აპარატთან. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ბრალდებული ი.გ.-ს ოჯახის წევრებს, მის უფლებადამცველებსა და სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანად და სრულყოფილად წარმართვის ინტერესის გათვალისწინებით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულ მ.ა.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია და მის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს პენიტენციური სამსახური.
გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბრალდებული მ. ა. უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით და უწყვეტად მიეწოდება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება.
ბრალდებული მ.ა. იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთანავე, ბრალდებული, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მყისიერი რეაგირებისთვის მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში.
ბრალდებულის საცხოვრებელი პირობები სრულად შეესაბამება პენიტენციური კოდექსით განსაზღვრულ სტანდარტებს.
აღსანიშნავია, რომ თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ჩვენი სამსახურისთვის პრიორიტეტულია.
მოვუწოდებთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, რომ თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით №16 დაწესებულებაში ხატვის შემსწავლელი სივრცე მოეწყო, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარითა და რესურსით აღიჭურვა.
მსჯავრდებულებს ხატვას თავად ერთ-ერთი მსჯავრდებული ასწავლის. სასწავლო კურსი მსჯავრდებულებს ახალი პროფესიის შესწავლაში, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და დროის ნაყოფიერად გამოყენებაში დაეხმარება.
ხატვის შემსწავლელი კურსი №11 და №8 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებებშიც ფუნქციონირებს. არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა სწავლის პროცესში არაერთი ნამუშევარი შექმნეს და გამოფენაზეც წარადგინეს.
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია და საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრაცია პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით დაწესებულებებში 21 ფსიქოსოციალური პროგრამა ფუნქციონირებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კვლავ გააგრძელებს დაწესებულებებში განათლების ხარისხის ამაღლებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა წარმატებული რესოციალიზაციის ხელშემწყობი პროექტებისა და პროგრამების მხარდაჭერას.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, №5 (ქალთა) დაწესებულებას კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ღონისძიების ფარგლებში შესრულდა მუსიკალური ნომრები, პოეტებმა კი, მსჯავრდებულებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად მიიღეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ბრალდებულთა-მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია და გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნება პრიორიტეტულია. ამ მიზნით დაწესებულებებში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები მსჯავრდებულთა ჩართულობითა და სხვადასხვა სფეროს წარმომდგენლების მონაწილეობით პერმანენტულად იმართება.

№11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებას მუსიკოსები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებს შობა-ახალი წელი მიულოცეს.
საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, შესრულდა მუსიკალური ნომრები, საქართველოს საპატრიარქოსგან კი, არასრულწლოვან მსჯავრდებულებს სანთლები, ტკბილეული და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადაეცათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნების მიზნით კვლავ გააგრძელებს დაწესებულებებში სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების ორგანიზებას.

ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს მსჯავრდებულები ტრადიციულად წირვა-ლოცვით შეხვდნენ.
პენიტენციური დაწესებულებების ყველა მოქმედ ტაძარსა და სამლოცველოში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია აღევლინა.
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საქართველოს საპატრიარქოსგან სანთლები, ტკბილეული და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადაეცათ.

პორტატული მოწყობილობები ყველა იმ დაწესებულებამ (№1, №2, №5, №8, №10, №12, №14, №15, №16, №17) მიიღო, სადაც აკადემიური განათლება კორესპონდენციული სწავლების მეთოდით ხორციელდება.
სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მსჯავრდებულებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობას და ხარისხს.
პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში 2022 წლიდან ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა, რომელიც ექვს პენიტენციურ დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი.
საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) 3 საუკეთესო პროექტს შორის დაასახელა, მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხარდაჭერას პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების მიმართულებით მომავალშიც გააგრძელებს, რაც მათ დაწესებულების დატოვების შემდეგ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციაში დაეხმარება.
პენიტენციური სამსახურის საქმიანობის და თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარ სამმართველოს მაღალი გამავლობის 5 ახალი სატრანსპორტო საშუალება (ბაგი) გადაეცა.
სატრანსპორტო საშუალებას სამსახურის თანამშრომლები პენიტენციური დაწესებულებების გარე პერიმეტრის გასაკონტროლებლად გამოიყენებენ, რითაც მინიმუმამდე შემცირდება უსაფრთხოების რისკები. სათანადოდ აღჭურვილი მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობას სამსახურის თანამშრომლები უამინდობის დროსაც კომფორტულად შეძლებენ.
პენიტენციური დაწესებულებების გარე ტერიტორიის სრულად შემოვლისა და ეფექტური პატრულირების მიზნით გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარ სამმართველოს ამ დრომდე მაღალი გამავლობის 7 სატრანსპორტო საშუალება გადაეცა. დაწესებულებების გარე ტერიტორია მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვის მიზნით კვადროციკლების გამოყენებითაც კონტროლდება.
პენიტენციური დაწესებულებები მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით ეტაპობრივად აღიჭურვება.

