EPTA-ს საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებსა და მიღწევებს გაეცნენ
პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიურ კონფერენციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარის ეგიდით მასპინძლობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველო 2023 წელს გახდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა EPTA-ს წარმომადგენლებს და „EUROPRIS“-ის აღმასრულებელ დირექტორ გუსტავ ტალვინგს №16 პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურა და სარეაბილიტაციო პროგრამების მუშაობა გააცნო. სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების პურის საცხობი, ხისა და ტყავის საამქროები, რუსთავის ახალი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა.
კონფერენციის მონაწილეები იუსტიციის სახლსა და სააკაძის სასწავლო ბაზაზეც იმყოფებოდნენ, სადაც სპეციალური პენიტენციურის სამსახურის ხელმძღვანელმა მათ სისტემაში გატარებული რეფორმები, წარმატებული პროექტები და მიღწევები გააცნო.
ნიკა ცხვარაშვილმა ისაუბრა ახალ პენიტენციურ კოდექსზე, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს როგორც სისტემის თანამშრომელთა, ისე პატიმართა პირობებს; აგრეთვე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, რუსთავში მიმდინარე და ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაზე, რომელიც 700 პატიმარზეა გათვლილი და სრულად აკმაყოფილებს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ყველა რეკომენდაციას.
ხაზი გაესვა მიღწევებს პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში. აღინიშნა, რომ ახალი ინოვაციური სერვისი – ონლაინ კლინიკა მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, უმოკლეს დროში ისარგებლონ სამოქალაქო კლინიკის სპეციალისტის ონლაინ კონსულტაციით; სრულადაა დაძლეული ტუბერკულოზი; ხორციელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.
ნიკა ცხვარაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემის ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) 2024 წელს 3 საუკეთესო ინოვაციურ პროექტს შორის დაასახელა. „ციფრული უნივერსიტეტი“ მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების დისტანციურად მიღებას უზრუნველყოფს საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე.
აღინიშნა პენიტენციურ სისტემაში მოქმედი კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი „იუსტიციის სახლი“, რომელიც პატიმრებსა და თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს, დაწესებულების ტერიტორიაზე ისარგებლონ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებით.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი რეინტეგრაციაა. ამ მიზნით სისტემაში პატიმართა საჭიროებაზე მორგებული 21 ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო პროგრამა ფუნქციონირებს, რომლებიც მათ დაწესებულების დატოვების შემდეგ თვითრეალიზაციაში დაეხმარება; ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით კი, პენიტენციურ დაწესებულებებში განახლდა სპორტული ინვენტარი და ინფრასტრუქტურა, მსჯავრდებულები მონაწილეობენ სპორტის სხვადასხვა ფესტივალში.
პრეზენტაციის შემდეგ სააკაძის სასწავლო ბაზაზე, რომელიც რეგიონის მასშტაბით უნიკალური სივრცეა, EPTA-ს წარმომადგენლებისთვის სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა მონაწილეობით საჩვენებელი წვრთნებიც ჩატარდა.
ღონისძიებას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გიორგაძე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჟვანია და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.