პენიტენციური სამსახურის პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოებისა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაში ვაკანსიები გამოცხადდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭო აცხადებს მიღებას შემდეგ ვაკანსიებზე (ანაზღაურების გარეშე):
ვაკანსია ცხადდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის ერთ კანდიდატურაზე – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან;
ასევე, ცხადდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექვსი ადგილობრივი საბჭოს (აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს) წევრის ორ-ორ კანდიდატურაზე, რომელთაგან ერთ ვაკანსიას დაიკავებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი (6 ვაკანსია), ერთს კი, ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი (6).
მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს:
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას;
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ პედაგოგს, რომელსაც მუშაობის გამოცდილება აქვს კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან;
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად ვაკანსიის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კანდიდატურა უნდა წარადგინონ საკოორდინაციო საბჭოში. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციების შედეგად შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ენიჭება, კანდიდატურა დამოუკიდებლად წარადგინოს. უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა ვაკანსიის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კანდიდატურა უნდა წარადგინონ საკოორდინაციო საბჭოში;
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენასთან დაკავშირებულ წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ორგანიზაციის წესდება/დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში, წერილობით მიმართვას თან უნდა დაერთოს დაწესებულების რეგისტრაციისა და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.
კანდიდატურები წარმოდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით 2024 წლის 20 სექტემბრის 18:00 საათამდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
შესაძლებელია დოკუმენტაციის წარდგენა ელექტრონული ფორმითაც მისამართზე: info.sps@justice.gov.ge
საკონტაქტო ტელეფონი: 1500; (+995) 599 55 57 76