სპეციალური პენიტენციური სამსახური არასრულწლოვან მსჯავრდებულებს, რომლებიც განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენენ, ულოცავს ბავშვთა დაცვის დღეს
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია თითოეული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ღირსეული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა. თუმცა, განსაკუთრებით პრიორიტეტული არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ზრუნვაა.
დღეს №11 დაწესებულების არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა და მოადგილე გიორგი გიორგაძემ მიულოცეს. უწყებისგან მსჯავრდებულებს მათ მიერ მოთხოვნილი საჩუქრებიც გადაეცათ.
დასაჩუქრდნენ, აგრეთვე, №2 და №8 დაწესებულებების მსჯავრდებულები და №5 (ქალთა) დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლში მყოფი ერთი წლის გოგონა. საჩუქრები გადაეცათ არასრულწლოვან ქალ მსჯავრდებულებსაც.
სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეული მსჯავრდებულისთვის თანაბრად უზრუნველყოფს პროფესიული და აკადემიური განათლების მიღების შესაძლებლობას, რისთვისაც პენიტენციურ დაწესებულებებში ფუნქციონირებს არაერთი პროფესიული პროგრამა, სადაც მსჯავრდებულები ახალ პროფესიას ეუფლებიან; მოქმედებს „ციფრული უნივერსიტეტიც“, სადაც მსჯავრდებული სტუდენტები უმაღლეს განათლებას საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში ონლაინ ფორმატში დისტანციურად იღებენ.