სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, მსჯავრდებულთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ტყავის ჩანთები, საფულეები, ქამრები, ნახატები, ნაქარგები, სხვადასხვა აქსესუარი, სამკაული – ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დათვალიერების და შეძენის შესაძლებლობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ჰქონდათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში გამართული გამოფენა-გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ. მსჯავრდებულთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი სხვადასხვა უწყებების მხარდაჭერით მსგავს ღონისძიებებს რეგულარულად აწყობს.
აღსანიშნავია, რომ თბილისში მაღაზია „რე-მარკეტი“ − სივრცე, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებულ ნამუშევრებს აერთიანებს, 2022 წლის 1-ელ ივლისს გაიხსნა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს პატიმართა ხელნაკეთი ნივთების შეძენა შეუძლია.
ღონისძიებას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, მოადგილე გიორგი გიორგაძე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჟვანია, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და სამსახურის თანამშრომლები დაესწრნენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და მათი შემოსავლის გაზრდის მიზნით გამართულ აქტივობებს.