სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და გარესამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნების მიზნით არაერთ მხარდამჭერ პროგრამას თუ აქტივობას ახორციელებს. პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულები ეუფლებიან ახალ პროფესიას; გადიან სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგკურსს, რაც მათ დაწესებულების დატოვების შემდეგ საზოგადოებაში ეფექტიან რეინტეგრაციასა და საკუთარი ფინანსური შემოსავლის უზრუნველყოფაში ეხმარებათ.
ქალ მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების ღია სივრცეში მოწყობილ გამოფენას სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერითა და მერიის ხელშეწყობით ამჯერად რუსთავმა უმასპინძლა.
იუსტიციის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ყველა ის ინიციატივა, რომელთა მიზანი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და განმეორებითი დანაშაულის შემცირებაა. მსგავსი გამოფენები და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან რესოციალიზაციისკენ მიმართული რეფორმები მსჯავრდებულების გათავისუფლების შემდგომ ხელს უწყობს საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესს, ზრდის თვითრეალიზებისა და თვითდამკვიდრების შესაძლებლობებს.
გამოფენის მეშვეობით თვალსაჩინო გახდა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებულების ყოველდღიურობა, სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართულობის შედეგები და ცვლილებებისთვის მზაობა. ეს ხელს უწყობს სტიგმის დაძლევას, საზოგადოებასა და მუნიციპალური სერვისების წარმომადგენლებთან ბარიერების შემცირებას. შედეგად, ყოფილი პატიმრისთვის იზრდება თვითრეალიზებისა და თვითდამკვიდრების უზრუნველმყოფი პირობები.
გამოფენას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გიორგაძე, ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ეს გამოფენა სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სტიგმის შემცირებას, წარმატებულ რესოციალიზაციას და დანაშაულის პრევენციას.