განსაკუთრებული რისკის დაწესებულების მსჯავრდებულებს პროფესიული კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს
სერტიფიკატები პატიმრებს პროფესიული კოლეჯის - მოდუსის წარმომადგენლებმა, დირექტორის მოადგილე ეკატერინე პატეიშვილმა და პროგრამების კოორდინატორმა რუსუდან ქურასბედიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსთან, ინგა სარჯველაძესთან ერთად გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მსგავსი პროექტი უპრეცედენტოა და დაწესებულების მსჯავრდებულებისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მათი უმეტესობა თითქმის მთელ დღეს საკანში ატარებს. ამასთან, ტრენინგებში მონაწილეობა ამ ადამიანების რესოციალიზაციის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან მათთვის ეს ცოდნის შეძენასთან ერთად საკნიდან გასვლისა და ადამიანებთან კომუნიკაციის თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესია.
2019 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 11 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული ,,მსჯავრდებული პირებისათვის და ყოფილი პატიმრებისათვის პროფესიული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის პროგრამის" ფარგლებში საქართველოს 11 სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში 868 მსჯავრდებულმა 20-მდე სხვადასხვა სპეციალობა შეისწავლა. რაც შეეხება N6 პენიტენციურ დაწესებულებას, აქ 5 პროგრამა განხორციელდა, რომელშიც 24 მსჯავრდებული იყო ჩართული.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში პროექტში 8 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება იყო ჩართული და მსჯავრდებულებმა შეისწავლეს: ელექტროსაქმე, სპორტული მასაჟი, ტანსაცმლის კონსტრუირება, გამყიდველ-მენეჯერის საქმე, მეფუტკრეობა, კომპიუტერული გრაფიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ბუღალტერია, მეწარმეობა, სასტუმროს საქმე, გიდის პროფესია, საოფისე საქმე, მცირე ბიზნესის წარმოება, საქმიანი ურთიერთობების კულტურა, სამოქალაქო განათლება, ინგლისური, გერმანული და ქართული, როგორც მეორე ენა.