ეს ინფორმაცია არის ყალბი და გადაუმოწმებელი. ვინაიდან მოცემული პატიმარი, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმყოფებოდა ვიდეოთვალით აღჭურვილ კამერაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს ვიდეოსამეთვალყურეო კამერის მიერ გადაღებულ კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბრალდებული ვარდება, დაზიანებას იღებს უნიტაზზე სახის დარტყმის შედეგად და მოსდის ჭარბად სისხლი (ინფორმაციისთვის: ვიდეოთვალით აღჭურვილ კამერაში საპირფარეშოს კუთხე ყოველთვის არის დაფარული და მასზე ვიზუალური კონტროლი არ მიმდინარეობს).
ზოგადი ინფორმაციისთვის, ბრალდებული გ. პ. ბრალად ედება ოჯახური ძალადობის ჩადენა. 2020 წლის 10 იანვარს ბრალდებული N8 დაწესებულებაში მოათავსეს.
2020 წლის 13 იანვარს, ბრალდებული N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამავე დღეს 23:32 სთ-ზე ბრალდებული მოთავსებულ იქნა დეესკალაციის ოთახში, სადაც 01:29 სთ-ზე (14 იანვარს), დავარდნის შედეგად მიიღო დაზიანება ცხვირის არეში.
2020 წლის 14 იანვარს, 01:30 სთ-ზე გაისინჯა მორიგე ქირურგის მიერ - ბრალდებულს აღენიშნებოდა სისხლდენა ცხვირიდან, ნახეთქი ჭრილობა ცხვირის არეში. ჩაუტარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება, შეუჩერდა სისხლდენა. დაიგეგმა ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტის კონსულტაცია და ცხვირის ძვლების დგომის შეფასება.
2020 წლის 14 იანვარს, 12:45 სთ-ზე გამოყვანილ იქნა დეესკალაციის ოთახიდან. მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შემდეგ, შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა ცხვირის ძვლების რეკონსტრუქცია. ამჟამად ბრალდებული სამოქალაქო სექტორის კლინიკის პოსტოპერაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ბრალდებულის მიერ დაზიანების მიღების შესახებ იმავე დღეს ეცნობა შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.