ღონისძიება N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა. როგორც მინისტრმა განმარტა, 2018 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან შერწყმის შემდეგ ჩატარდა უნიფორმების ინვენტარიზაცია. ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ პენიტენციურ სისტემას უნიფორმების მწვავე დეფიციტი ჰქონდა, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის2018 წლის 25 დეკემბრის ანგარიშიც ადასტურებს(N76/36 გამოქვეყნების თარიღი 01.02.2019).
მოცემული დეფიციტისა და მისგან გამოწვეული პრობლემების მოკლე დროში აღმოსაფხვრელად, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, მინისტრის2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებით "სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ" განისაზღვრა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების უნიფორმის მახასიათებლები.
ამასთან, 2018 წლის 22 ოქტომბერს გამოცხადდა ტენდერი ესკორტის ოფიცრების უნიფორმების შესაძენად. სატენდერო პირობებში ჩაიდო მოთხოვნა, რომ უნიფორმა უნდა ყოფილიყო ქარხნული წესით დამზადებული და უმაღლესი სტანდარტის, ასევე წყალგაუმტარი, ქარგაუმტარი, მაღალი ხარისხის გამძლე ქსოვილისგან დამზადებული და სხვ. ტენდერის შედეგად შეძენილი ახალი უნიფორმებით 2019 წლის პირველ ნახევარში ესკორტის ოფიცერთა კორპუსი სრულად აღიჭურვა.
დღეს კი ახალი უნიფორმები გადაეცათ პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე პირებს - ინსპექტორ-კონტროლიორებს, უსაფრთხოების ოფიცრებსა და სხვ. მათთვის 1800 კომპლექტი ფორმის შესაძენად ტენდერი 2019 წლის 24 აპრილს გამოცხადდა და ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, სატენდერო პირობებით განსაზღვრული იყო, რომ უნიფორმები უნდა ყოფილიყო მაღალი ხარისხის.
"როდესაც 2018 წელს პენიტენციური სისტემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადმოვიდა, სისტემაში უნიფორმების მწვავე დეფიციტი იყო. დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ - ჩვენ შევძელით, რომ ერთ წელიწადში მთელი პენიტენციური სისტემა ახალი უნიფორმებით მთლიანად ყოფილიყო უზრუნველყოფილი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.