laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

თეა წულუკიანის ინიციატივით გლდანის ციხის პატიმრები საჯარო სამსახურში დასაქმდნენ

თეა წულუკიანის ინიციატივით გლდანის ციხის პატიმრები საჯარო სამსახურში დასაქმდნენ
31.10.2019
print
facebook

პროექტში მონაწილე მსჯავრდებულებს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პირადად შეხვდა. მისი თქმით, მსჯავრდებულთა დასაქმება მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია. 

„იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტი არის პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ზრუნვა. მოგეხსენებათ, გლდანის საპყრობილეში უკვე გვაქვს ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც 7 მსჯავრდებული სოფლის მეურნეობის სფეროში არის დასაქმებული. დღეს იწყება მეორე პროექტი ამავე პენიტენციურ დაწესებულებაში და ის არის უპრეცედენტო იმიტომ, რომ პატიმრები საჯარო სამსახურში დასაქმდნენ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დიგიტალიზაციის პროექტში და ექნებათ სტაბილური შემოსავალი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 
პროექტის ფარგლებში N8 პენიტენციური დაწესებულების 10 მსჯავრდებული დასაქმდა და მათი ყოველთვიური სარგო 300 ლარს შეადგენს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი, თათია ხოჭოლავა.
N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ათი მსჯავრდებული დოკუმენტაციის დიგიტალიზაციის სრულ პროცესში მხოლოდ გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების სკანირებას განახორციელებს. სამუშაოს დაწყებამდე, მათ სპეციალური მომზადების კურსი გაიარეს. 
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2014 წლიდან მიმდინარეობს სამოქალაქო აქტის ჩანაწერების (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, გარდაცვალებისა და სხვა აქტების) ციფრულ ფორმატში გადაყვანა. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება, სულ მცირე, 1 000 000 აქტის ასახვა ელექტრონულ ბაზაში და მატერიალური ფორმის სააქტო ჩანაწერების სკანირება შესაბამის ელექტრონულ აქტზე. 
დიგიტალიზაციის პროცესში ჩართულნი არიან პირობით მსჯავრდებულები და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირებიც. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, წარმატებით განახორციელა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარების-საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილი პირების და პირობით მსჯავრდებულების სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა.

humanIcon
hotLineIcon