გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალის ფარგლებში, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილი ხილი, ბოსტნეული და მწვანილი გამოიფინა
გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალის ფარგლებში, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილი ხილი, ბოსტნეული და მწვანილი გამოიფინა
27.10.2019
აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით მიმდინარე წლის გაზაფხულზე N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში ამოქმედდა პროექტი, რომლის ფარგლებში მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდნენ. პენიტენციური დაწესებულების ეზოში მსჯავრდებულებისთვის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი მოეწყო, სადაც მათ ბოსტნეული და ბაღჩეული მოყავთ. პროექტი საფრანგეთ -საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური ხელშეწყობით შემუშავდა და მისი მიზანია, დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის, უვადო სრულწლოვანი პატიმრების დასაქმება. პროექტში 7, გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელის მქონე პირია ჩართული. აღებული მოსავლის რეალიზაციას, საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, პატიმრები ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ახორციელებენ. გარდა ამისა, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილ პომიდორს, იისფერ ლობიოს და ჟოლოს კერძების დასამზადებლად კაფე "ლიტერა" ყიდულობს.
გურჯაანში გამართულ ყველისა და კულინარიის ფესტივალზე, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილი მოსავლის გარდა, ასევე წარმოდგენილი იყო როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით სხვადასხვა მწარმოებლების მიერ დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო, ნუგბარი და სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.