N6 დაწესებულებაში "კოგნიტური და სოციალური უნარების პროგრამა" 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და დასასრულს უახლოვდება.
"ეს იყო მოკლევადიანი, ჯგუფურ მუშაობაზე დაფუძნებული ზოგადი დანაშაულებრივი ქცევის შემცირების პროგრამა. პროგრამა ამცირებს და ზედამხედველობას უწევს დანაშაულთან ასოცირებულ ფაქტორებს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს მსჯავრდებულის რეაბილიტაციის პროცესში", - განაცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლადო ჯავახიშვილმა, რომელიც პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან თათია ხოჭოლავასთან ერთად ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო.
თათია ხოჭოლავას ინფორმაციით კი, მნიშვნელოვანი სატრენინგო კურსი მიმდინარეობს, ასევე, N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში.
"N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ტარდება სასიცოცხლო უნარების განვითარების ტრენინგი. სასიცოცხლო უნარების კურიკულუმი მოიცავს 62-საათიან სატრენინგო მოდულს. პროგრამა შედგება ექვსი ძირითადი თემისა და მათში შემავალი ქვეთემებისგან. პროგრამაში გამოყენებულია სწავლების მეთოდები: გონებრივი იერიში, როლური თამაში, მცირე ჯგუფებში მუშაობა, დისკუსია, ამბის ან მოთხრობის წარდგენა და განხილვა, ჯგუფის მიერ ამბის შედგენა, დაუმთავრებელი წინადადებები, ხელოვნებითი აქტივობები, მოდელირებითი სწავლება, სხვადასხვა თემატური აქტივობები, სავარჯიშოები და სხვა. პროექტში 10 მსჯავრდებული მონაწილეობს. მისი მიზანია მოზარდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის სხვადასხვა სასიცოცხლო უნარების განვითარების გზით, რაც მათ დაეხმარება საკუთარი შესაძლებლობების შეფასებასა და არსებული რესურსების რაციონალურად გამოყენებაში, საკუთარი როლის და მნიშვნელობის განსაზღვრასა და პროფესიის შერჩევაში, მომავლის დაგეგმვასა და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში. პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება", -განაცხადა თათია ხოჭოლავამ.
მისივე თქმით, სატრენინგო კურსის დასრულების შემდეგ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები შეძლებენ ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა - კრიტიკული აზროვნება, ეფექტური კომუნიკაცია, ემოციების მართვა, ინტერპერსონალური ურთიერთობები, სოციალური პასუხისმგებლობა და სხვა. პროგრამა ხელს შეუწყობს მოზარდის მინიმალური ინფორმირებულობის გაზრდას და სხვადასხვა ყოფითი უნარების განვითარებას. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ტრენინგები პენიტენციურ დაწესებულებებში ბენეფიციარების საჭიროებების გათვალისწინებით პერმანენტულად ჩატარდება და უფრო მეტ მსჯავრდებულს შეეძლება სხვადასხვა შინაარსის ტრენინგში მონაწილეობის მიღება.