ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შეწყალება

 

საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ;

შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ან/და მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით;

სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა

 

კომისია განიხილავს შეწყალების საქმეს:

 

ა) იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს გარდა სხვა სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

გ) იმ სასჯელმოხდილი პირის მიმართ, რომელსაც არა აქვს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა.

 

შეწყალება არ გამოიყენება იმ მსჯავრდებულის მიმართ:

 

ა) რომელსაც შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, თუ მას თავისუფლების აღკვეთის სახით არა აქვს მოხდილი 15 წელი;

ბ) რომელიც მსჯავრდებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი;

გ) რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი;

დ) რომელიც მსჯავრდებულია არაუმეტეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მესამედი;

ე) რომელიც წინათ მსჯავრდებული იყო და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არა აქვს მოხდილი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი;

ვ) რომლის მიმართ წინათ გამოყენებულ იქნა ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

ზ) რომელიც სასჯელს იხდის პირობითი მსჯავრდებისას სასამართლოს მიერ დანიშნული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

თ) რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;

ი) რომელიც სასჯელის მოხდის ადგილიდან ხასიათდება უარყოფითად;

კ) რომლის საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის საერთო სასამართლოში ან თუ არ არის გასული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა;

ლ) რომელიც არ ითხოვს შეწყალებას.

 

შეწყალების კომისიის რეკომენდაციას შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განიხილავს საქართველოს პრეზიდენტი და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. შეწყალების აქტი გამოიცემა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით.

 

მსჯავრდებულის შეწყალების საქმე შეწყალების თხოვნასთან ერთად უნდა შეიცავდეს:

ა) განაჩენის (განაჩენების) ასლს (ასლებს), რომლის საფუძველზეც პირი იხდის სასჯელს, ასევე იმ გადაწყვეტილებების ასლებს, რომლებიც გამოტანილია ზემდგომი სასამართლო ინსტანციების მიერ განაჩენის (განაჩენების) თაობაზე;

ბ) ცნობას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

გ) მონაცემებს დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის შესახებ, ასევე ასეთი ზიანის ანაზღაურების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ცნობებს მსჯავრდებულის ბიოგრაფიული მონაცემებისა და მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ;

ე) მონაცემებს შეწყალების თაობაზე წინათ წარდგენილი თხოვნებისა და მათი განხილვის შედეგების შესახებ;

ვ) მონაცემებს მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის ან/და შეწყალების აქტის გამოყენების თაობაზე;

ზ) ინფორმაციას მსჯავრდებულის ნასამართლობის შესახებ;

თ) მონაცემებს მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-76-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შესახებ;

ი) მსჯავრდებულის დახასიათებას, გაცემულს შესაბამისი სასჯელის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ.

 

სასჯელმოხდილი პირის შეწყალების თხოვნას უნდა ერთვოდეს:

 

ა) განაჩენის (განაჩენების) ასლი;

ბ) ცნობა სასჯელის მოხდის შესახებ;

გ) დოკუმენტაცია, რომელსაც შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს შეწყალების საკითხის გადასაწყვეტად ან/და შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული დახასიათება, იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც ითხოვს შეწყალებას, მუშაობს.

 

მსჯავრდებული უფლებამოსილია შეწყალების თხოვნას დაურთოს სხვა დოკუმენტაცია, რომელსაც შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს შეწყალების საკითხის გადასაწყვეტად.

 

შეწყალების თხოვნის განხილვისას მხედველობაში მიიღება:

 

აღიარებს თუ არა და ინანიებს თუ არა მსჯავრდებული ჩადენილ დანაშაულს, მსჯავრდებულის პიროვნული თავისებურებები, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, ნასამართლობა, სასჯელის მოხდის ვადა, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის ქცევა, ოჯახური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე ინფორმაცია, დაზარალებულის მოსაზრება და სხვა გარემოებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); სასჯელმოხდილი პირის ქცევა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და სასჯელის მოხდის შემდეგ გასული ვადა.

 

არასრულწლოვანი პირის შეწყალების თხოვნა განიხილება რიგგარეშე, ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება პირის ფსიქიკური განვითარების დონე, ცხოვრებისა და აღზრდის პირობები და სხვა პიროვნული მახასიათებლები.

FaceBook Twitter