ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
დაწესებულებიდან გათავისუფლების წესი და საფუძვლები

 

მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან შეიძლება გათავისუფლდეს შემდეგი გარემოებების შემთხვევაში:

 

  • სასჯელის მოხდის შემდეგ;
  • სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას;
  • სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისას;
  • განაჩენის კანონით დადგენილი წესით შეცვლის ან გაუქმების გამო;
  • ამნისტიით ან შეწყალებით;
  • ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
  • სასამართლოს მიერ განაჩენის აღსრულების გადავადების შემთხვევაში.

 

დაწესებულებიდან მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მსჯავრდებულს მიეცემა სათანადო ცნობა დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ, დაუბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი, რომელიც ინახებოდა ადმინისტრაციაში, ასევე, მიეცემა პირად ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრული განკარგვის უფლება.

 

ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის დროს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მსჯავრდებულის სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია.


პროცედურა


განცხადებით კომისიისთვის მიმართვის უფლება აქვს:

 

  • მსჯავრდებულს;
  • მსჯავრდებულის კანონიერ წარმომადგენელს;
  • დაწესებულების დირექტორს.

 

ავადმყოფობის შემთხვევაში, განცხადების დაშვებისთვის აუცილებელია მას თან ერთვოდეს ცნობა მსჯავრდებულის პირადი საქმიდან, მსჯავრდებულის სამედიცინო (სტაციონარული ან/და ამბულატორიული) ბარათის ასლი - ფორმა №IV – 100ა (უახლესი ინფორმაციით და შესაბამისი გამოკვლევებით) და სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის/კლინიკური ხელმძღვანელის მიერ შედგენილი სამედიცინო ცნობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ზოგად ინფორმაციას მსჯავრდებულისათვის ჩატარებული გამოკვლევების, დიაგნოზის, დაავადების მიმდინარეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის შესახებ, ასევე რეკომენდაციას განცხადების განხილვის შემჭიდროებულ ვადებზე, თუ ასეთი ზომების მიღება არის საჭირო.

 

იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის N01-6/ნ ბრძანებით.

FaceBook Twitter