ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია
პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და მხარდაჭერა შემთხვევის მართვის მეთოდის მიხედვით მიმდინარეობს, რომელიც აქტიურად გამოიყენება სოციალურ მუშაობაში. პენიტენციურ სისტემაში აღნიშნული მეთოდით ხორციელდება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა, რომელიც მოიცავს შეფასების, ინდივიდუალური გეგმის შედგენის, მომსახურების მიწოდებისა და მონიტორინგის ეტაპების უწყვეტ ციკლს. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის პროგნოზირება შესაძლებელია შეფასების ეტაპზე. განახლებული შეფასების ინსტრუმენტების შედეგად ასევე ხდება კრიმინოგენური ფაქტორების განსაზღვრა, საჭიროებებისა და ძლიერი მხარეების გამოკვეთა, რომლის გათვალისწინებითაც დგება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა და შესაბამისი სარეაბილიტაციო მომსახურებების მიწოდება, რეციდივის რისკის შესამცირებლად და სამართავად.

შეფასების ინსტრუმენტები
მსჯავრდებულთა შეფასება საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შემდეგი ინსტრუმენტების მიხედვით ხდება:
  • მსჯავრდებულთა რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი - აღნიშნული ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა, ობიექტური (ქულობრივი) შეფასების შედეგად დადგინდეს კონკრეტული მსჯავრდებულის რეციდივის ალბათობა.
  • მნიშვნელოვანი ზიანის რისკის სკრინინგი - აღნიშნული ინსტრუმენტი ზომავს მსჯავრდებულის მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონეს, როგორც სხვა ადამიანების, ასევე საკუთარი თავის მიმართ.
  • ძალადობის მსხვერპლი ქალების იდენტიფიცირების სკრინინგი - აღნიშნული ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა მოხდეს ქალ ბრალდებულების/მსჯავრდებულების იდენტიფიცირება იყო თუ არა ის ძალადობის მსხვერპლი და რა ტიპის დახმარება/მხარდაჭერას საჭიროებს.
სარეაბილიტაციო მომსახურებები
პენიტენციურ სისტემაში სარეაბილიტაციო პროგრამები იყოფა 3 ნაწილად: ძირითადი სარეაბილიტაციო პროგრამები, შრომა/დასაქმება და დამხმარე პროგრამები.
ძირითადი სარეაბილიტაციო პროგრამები შემდეგი ქვეჯგუფებისგან შედგება:
  • დანაშაულზე ფოკუსირებული პროგრამები;
  • დანაშაულთან დაკავშირებული პროგრამები;
  • საბაზისო კლინიკური და სოციალური უნარების განვითარების პროგრამები;
  • რესოციალიზაცია-რეინტეგრაციის პროგრამები;
  • მოკლევადიანი ფსიქო-სოციალური ტრენინგები;
  • საგანმანათლებლო პროგრამები;
  • სახელობო-პროფესიული პროგრამები.
პენიტენციურ სისტემაში შრომა/დასაქმების მიმართულება სამი ტიპისგან შედგება
  • სამეურნეო საქმიანობა;
  • ინდივიდუალური საქმიანობა ხელნაკეთი ნივთების შესაქმნელად;
  • დასაქმების მინი საწარმოო კერები.
დამხმარე პროგრამები, პროსოციალური აქტივობა
აღნიშნული მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებსაც პირდაპირი გავლენა არ აქვს დანაშაულის შემცირებაზე, მაგრამ მხარს უჭერს დაწესებულებაში ჯანსაღი გარემოს შექმნასა და პრო- სოციალური ქცევის მოდელირებას.
პიროვნების პოზიტიური ცვლილების დამხმარე საშუალებად გამოიყენება შემდეგი საშუალებები:
  • ინტელექტუალური და შემეცნებითი შეხვედრები;
  • კულტურული ღონისძიებები და კონკურსები;
  • სარეკრეაციო პროგრამები;
  • სპორტული ღონისძიებები.

ზრუნვა სპეციალურ ჯგუფებზე
პენიტენციურ სისტემაში არსებობენ მსჯავრდებულთა ჯგუფები, რომლებსაც გააჩნიათ განსხვავებული საჭიროებები, შესაბამისად, აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით, მათთან მუშაობა ხორციელდება განსხვავებული სპეციფიკით.
პენიტენციურ სისტემაში შექმნილია არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულებზე ზრუნვის მაღალი სტანდარტი, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. მათთან მომუშავე ყველა სპეციალისტს გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადების კურსი. არასრულწლოვანი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის სხვა ტიპიური მომსახურების გარდა ხელმისაწვდომია ზოგადი განათლების მიღება ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, რომლის განაყოფიც ფუნქციონირებს არასრუწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში. დაწესებულებაში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სპორტული წრეები ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად, სპეციალურად არასრულწლოვნებისთვის შექმნილი სარეაბილიტაციო პროგრამები და სხვა.
ქალი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის დასაშვებია 3 წლამდე ასაკის შვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოლა. გამოყოფილია ცალკე საცხოვრებელი კორპუსი, სადაც გათვალისწინებულია ყველა დეტალი, რათა გარემო იყოს ბავშვზე მორგებული. ამავე კორპუსში ფუნქციონირებს საბავშვო ბაღის სტილის მომსახურება პროფესიონალი აღმზრდელის ჩართულობით. ორსულ ქალს და 3 წლამდე ბავშვის დედას უფლება აქვთ, წელიწადში სამჯერ ისარგებლონ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.
პენიტენციურ სისტემაში ასევე მოწყვლადობით გამოირჩევიან ისეთი ჯგუფები, როგორიცაა: უცხო ქვეყნის მოქალაქეები, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ალკო/ნარკო დამოკიდებული მსჯავრდებულები, ხანდაზმულები და უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები და სხვა.
გათავისუფლებისთვის მზადება და გარდამავალი მენეჯმენტი
მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მზადება იწყება მასთან მუშაობის პირველივე დღიდან, პროცესი აქტიურ ფაზაში შედის, 6 თვით ადრე, მსჯავრდებულის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების პირველი ვადის დადგომამდე.

გათავისულებისთვის მზადება დაგეგმილი პროცესია, რომელიც მოიცავს შემდეგ ასპექტებს:
• ოჯახური კავშირების გაუმჯობესება;
• მსჯავრდებულის პრაქტიკული ცხოვრებისეული უნარების გაუმჯობესება;
• კავშირები განათლების და დასაქმების შესაძლებლობებთან;
• მსჯავრდებულის მიერ მსხვერპლის/დაზარალებულის პერსპექტივის გააზრება;
• რეინტეგრაციის შესაძლებლობები.
გათავისუფლების შემდგომი მხარდაჭერა და ზედამხედველობა უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ გათავისუფლებიდან ერთი წელი ყველაზე კრიტიკული პერიოდია დანაშაულის განმეორებით ჩადენის კუთხით. გარდამავალი მენეჯმენტი უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას და კოორდინირებულ მუშაობას პენიტენციური და პრობაციის სისტემების, დანაშაულის პრევენციის ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებს შორის. ასევე პირის წარმატებულ რესოციალიზაცია-რეინტეგრაციის პროცესს და დანაშაულის პრევენციას მსჯავრდებულისა და სხვა აქტორების ჩართულობით გათავისუფლებისთვის მზადებისა და შემდგომი პერიოდის კონსტრუქციული გეგმის შედგენა განსაზღვრავს.
FaceBook Twitter