ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128-რს კანონის თანახმად 2018 წლის 11 ივლისს მოხდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შერწყმა და ჩამოყალიბდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მმართველობის სფეროსა და ამოცანებს განეკუთვნება: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანიზება, პენიტენციური დაწესებულებების ერთიანი მართვა და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა; კომპეტენციის ფარგლებში, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ზრუნვა; ამ მიზნით სხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, პატიმრობის კოდექსი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას სამსახური უზრუნველყოფს სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მეშვეობით.
3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ კანონის მიზნებისათვის და მის შესასრულებლად გამოსცეს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები.

სამსახურის სამართლებრივი სტატუსი
• სამსახურის სპეციალური დანაყოფები შეადგენენ სპეციალური, გასამხედროებული ქვედანაყოფების ერთიან სისტემას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ასრულებს მისთვის დაკისრებულ ამოცანებს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამების განხორციელების, სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, უსაფრთხოების დაცვის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის და ექსტრადიციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ შესაბამისი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის, კრიზისული ვითარების მართვის და სპეციალური ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
• სამსახურის სამოქალაქო დანაყოფები აერთიანებს სამსახურის იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამსახურის ერთიან ლოჯისტიკურ, სამედიცინო, ფინანსურ, ორგანიზაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფას, აგრეთვე სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის, მოსამსახურეთა (მათ შორის, სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა) მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების, სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს, შემოწმებასა და სისტემური მონიტორინგის უზრუნველყოფას.

სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
• სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონის უზენაესობა;
ბ) ადამიანის უფლებათა დაცვა და პატივისცემა;
გ) გამჭვირვალობა;
დ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;
ე) მოსამსახურის პატივისა და ღირსების დაცვა;
ვ) თანაზომიერება;
ზ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესის დაცვა.

• კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების სამსახურებრივი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისკენ და უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში და დადგენილი წესით.
• სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის სიცოცხლეს, არ უნდა ლახავდეს მის პატივსა და ღირსებას, არ უნდა იყოს დისკრიმინაციული, არ უნდა არღვევდეს ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
• სამსახური ვალდებულია უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად სწრაფად უზრუნველყოს საზოგადოებისათვის პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ სათანადო, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ამასთანავე, სამსახური ვალდებულია დაიცვას სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვა.
• მოსამსახურე არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების წევრი. დაუშვებელია, მოსამსახურე თავისი საქმიანობის განხორციელებისას პოლიტიკური შეხედულებით მოქმედებდეს. მოსამსახურის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება ან მისი პოლიტიკური შეხედულების ან პარტიული კუთვნილების გამო დასჯა აკრძალულია და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
• სახელმწიფო იცავს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების პატივსა და ღირსებას, უზრუნველყოფს მათ შრომის ღირსეული პირობებით, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებით. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების ან/და მათი ოჯახის უსაფრთხოებას. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფები მოსამსახურეების პატივისა და ღირსების შელახვა აკრძალულია და იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.
• თანაზომიერების პრინციპის თანახმად, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ძალა და საშუალება აუცილებელი და იმ ინტერესის პროპორციული უნდა იყოს, რომლის დასაცავადაც ხორციელდება უსაფრთხოების ღონისძიება ან მოქმედება.
• ამ კანონის მიზნებისათვის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესის დაცვა გულისხმობს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების უფლებას, თავიანთი თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად შესაბამისი კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების ფარგლებში, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით, ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება შეარჩიონ.

სამსახურის ამოცანები
სამსახურის ამოცანებია:
ა) პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების რეალიზაცია;
ბ) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვა;
გ) პენიტენციური დაწესებულების დაცვის უზრუნველყოფა;
დ) პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვა;
ე) სამსახურის მატერიალური და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ვ) პენიტენციური დაწესებულების საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა, მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოება;
თ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანა და ექსტრადიცია;
ი) პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა, ინტერვენციისა და სპეციალური ღონისძიებების განხორციელება;
კ) პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების განხორციელების, მსჯავრდებულის რესოციალიზაციის რეაბილიტაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ლ) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დასაცავად თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება (კერძოდ, პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგის შემუშავება და მის შესრულებაზე ზედამხედველობა) და ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
მ) პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენა, აღკვეთა, პრევენცია და უსაფრთხოების დაცვა;
ნ) სამსახურის მატერიალური ფასეულობების (მათ შორის, სამსახურის ბალანსზე რიცხული ობიექტების) დაცვა, შესაბამისი ტექნიკური უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და განხორციელება;
ო) პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების და დადგენილი რეჟიმის დასაცავად კრიზისული ვითარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მართვა;
პ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის უზრუნველყოფა;
ჟ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტრანსპორტირების, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმების შემუშავება და განხორციელება;
რ) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეთა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3129 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
სამსახურის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და კონტროლი

სამსახურის ორგანიზება
• სამსახური აერთიანებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.
• სამსახურს ექვემდებარება პენიტენციური დაწესებულებები. სამსახურის ხელმძღვანელობა და კონტროლი
• სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
• სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
• სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების მიერ სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის, მოსამსახურეთა (მათ შორის, სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა) მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების, სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს, შემოწმებასა და სისტემურ მონიტორინგს ახორციელებს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტი. სამსახურის პროფესიული დღე სამსახურის პროფესიული დღე აღინიშნება ყოველი წლის 8 სექტემბერს.
FaceBook Twitter