ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ევროპის საბჭო (COE)
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“. პროექტი ხორციელდებოდა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში და მიზნად ისახავდა საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და პენიტენციური სისტემის განვითარებასა და ჰარმონიზაციას ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან.

პროექტის ბენეფიციარები: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; მთავარი პროკურატურა და სახალხო დამცველის აპარატი. განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავდა თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას ციხეებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებებში.

პროექტის ძირითად მიზნები:
• ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერება და ჯანდაცვის გაუმჯობესება (მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა), ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;

პროექტის კონკრეტული მიზნები:
• სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება ციხეებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში ევროპული სტანდარტების შესაბამისად;
• ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაძლიერება ციხეებში, პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და დახურული ტიპის სხვა, მაგალითად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ევროპული სტანდარტის შესაბამისად;
• სახელმწიფო ორგანოების მონიტორინგისა და საგამოძიებო ფუნქციების გაძლიერება არასათანადო მოპყრობისა და დაუსჯელობის პრევენციის მიზნით ევროპისა და სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ასევე, ევროპის საბჭოს ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორების ხუთ ქვეყანაში ციხის გადატვირთულობის პრობლემის ეფექტური დაძლევის მიზნით, ევროპის საბჭოს პროგრამული თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება რეგიონული პროექტი „სისხლის სამართლის რეაგირება ციხეებში გადატვირთულობის პრობლემასთან დაკავშირებით". რეგიონული პროექტის ფარგლებში ითარგმნება ციხის გადატვირთულობასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად დოკუმენტები სასწავლო ცენტრების ვებგვერდებზე თავსდება. ასევე, ტარდება კვლევა ციხის გადატვირთულობის საკითხებზე, მათ შორის: რეციდივის პრევენციაზე, თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების გამოყენებაზე, გათავისუფლებისთვის მომზადებაზე (მათ შორის, პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები), პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმებზე, პრობაციასა და გათავისუფლების შემდეგ ზრუნვაზე.

ევროპის საბჭო იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას პენიტენციური ჯანდაცვის განვითარების კუთხით. ევროპის საბჭოს პროექტის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დაისახა 2016 წელს თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა ტრენინგების ჩატარება (გრძელვადიანი ტრენინგი სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, ტრენინგი სამედიცინო სტატისტიკაში და ტრენინგი ფსიქიატრიაში), საგამოცდო ტესტების მომზადება, ნორმატიული აქტების კრებულის გამოცემა და სასწავლო ფილმის მომზადება წამების დოკუმენტირებასთან დაკავშირებით.
FaceBook Twitter