ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში (NORLAG)
ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში (NORLAG) 2004 წელს დაარსდა. საქართველოს მთავრობასა და ნორლაგს შორის თანამშრომლობის მთავარ დოკუმენტს 2004 წლის ოქტომბერში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი წარმოადგენს.

ნორლაგის მიზანია საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცება. ნორლაგი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებთან, ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან სასჯელის აღსრულებისა და სისხლის სამართლებრივ სფეროში. ნორლაგი თანამშრომლობს მოსამართლეებთან, დაცვის მხარესთან, პროკურორებთან, ასევე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ოფიცრებთან.

ნორლაგის მიერ განხორციელებული პროექტები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად:

1. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - ნორლაგმა დაიწყო საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის, როგორც არასაპატიმრო სასჯელის კონცეფციის შემუშავება საქართველოში 2006 წლიდან. საქართველოში მოქმედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ნორლაგის ინიციატივით, მოეწყო კონფერენცია თემაზე „საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივა”. კონფერენცია ჩატარდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებაზე;

2. გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამები - საქართველოში დაინერგა ვადაზე ადრე გათავისუფლების ახალი სისტემა. განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკის შემცირებისა და პატიმრების რესოციალიზაციისთვის საჭიროა პატიმართა მომზადება გათავისუფლებისთვის. ნორლაგის მხარდაჭერით გათავისუფლებისთვის მომზადების სარეაბილიტაციო პროგრამა განხორციელდა N16 და N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;

3. დედათა და ჩვილ ბავშვთა შენობა - დედათა და ჩვილ ბავშვთა ცალკე შენობა ნორლაგის ფინანსური მხადაჭერით გაიხსნა 2010 წელს ქალთა დაწესებულების ტერიტორიაზე, რითაც ციხეში დაბადებული ყველა ბავშვისთვის შეიქმნა უკეთესი საცხოვრებელი პირობები;

4. ბიბლიოთეკა - ნორლაგმა განახორციელა ბიბლიოთეკის პროექტი ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იმ შეთანხმების საუძველზე, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და ოსლოს მუნიციპალიტეტს შორის. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ბიბლიოთეკის ეროვნული გეგმისა და საგანმანათლებლო მომსახურებების დანერგვის პროცესის დაწყება, რომელიც პატიმართა მოპყრობის საერთაშორისო რეკომენდაციებსა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას ეფუძნება.

ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.norlag.ge/

FaceBook Twitter