ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ქალთა დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროცესს. ამ მიზნით №5 (ქალთა) დაწესებულებაში ქართველი და უცხოელი მსჯავრდებულების მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება ჩატარდა: შესრულდა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, საახალწლო თეატრალიზებული წარმოდგენები.

ღონისძიებისთვის 50-მდე ქალი მსჯავრდებული რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდა. სპეციალურად ამ კონცერტისთვის შეიქმნა მსჯავრდებულთაგან დაკომპლექტებული ანსამბლი, შესრულდა მათ მიერვე დადგმული ქართული ცეკვები, რომელთა კოსტუმები თავად შეკერეს. მსჯავრდებულებმა საკუთარი ხელით შექმნეს სასცენო დეკორაციები და სასცენო სამოსი.

ღონისძიებას საპატრიარქოს წარმომადგენლები და მსახიობი პაატა გულიაშვილი დაესწრნენ. მსახიობმა მსჯავრდებულებთან ერთად მუსიკალური ნომერი შეასრულა და მათ საკუთარ ოჯახებში მალე დაბრუნება უსურვა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს იმ აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც მსჯავრდებულებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება.

FaceBook Twitter