იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან ნიკა ცხვარაშვილთან და მის მოადგილესთან გიორგი გიორგაძესთან ერთად N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრა.
დაწესებულებაში სტუმრობისას რატი ბრეგაძე არასრულწლოვან მსჯავრდებულებს შეხვდა და მათ იმ სპორტული პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის დანერგვაც დაწესებულებაში უახლოეს პერიოდში დაიწყება. აღნიშნული პროგრამების განხორციელება კი საზოგადოებაში მათი სრულფასოვან წევრებად დაბრუნების პროცესს შეუწყობს ხელს.
რატი ბრეგაძე ასევე არასრულწლოვანი მსჯავრდებულების საჭიროებებს გაეცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თითოეული მსჯავრდებულის სურვილი, რომელიც მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს უახლოეს დღეებში შესრულდება.
რატი ბრეგაძემ მსჯავდრებულებს დამდეგი ახალი წელიც მიულოცა,მათ საკუთარ ოჯახებში მალე დაბრუნება უსურვა და სხვადასხვა სახის საჩუქრებიც გადასცა.
წინასაახალწლო ნობათი ასევე N8, N5 და N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს გადაეცათ.