ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა INL-ის წარმომადგენლებს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო
პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის არსებული პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება - ეს ის ძირითადი საკითხებია რაზეც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის დირექტორთან სარა რუპერტთან განიხილა.

შეხვედრას, რომელსაც ასევე პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გიორგაძე და უწყების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ სისტემის პრიორიტეტულ მიმართულებებზეც იმსჯელეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის ნიკა ცხვარაშვილის განცხადებით, უწყების ერთ-ერთი მთავარი გეგმა ევროპული სტანდარტის მქონე მცირე ზომის დაწესებულებების შექმნაა. ამ კუთხით საუბარი შეეხო ლაითურის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობას, რომელიც სრულად პასუხობს როგორც ევროპულ სტანდარტებს, ისე „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის“ (CPT) რეკომენდაციებს.

პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა INL-ის წარმომადგენლებს პენიტენციურ სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის დირექტორმა გამოთქვა მზაობა, რომ სისტემას რეფორმების განხორციელების პროცესში შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას.

პენიტენციური სამსახური საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროსთან (INL) წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკის საელჩოსა და აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით პენიტენციურ სისტემაში არაერთი პროექტი განხორციელდა.


FaceBook Twitter