N8 პენიტენციურ დაწესებულების ბიბლიოთეკას დაწესებულების ფსიქოლოგების ინიციატივითა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მხარდაჭერით საჩუქრად წიგნები გადაეცა.
კამპანია სოციალური ქსელის საშუალებით დაიგეგმა, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან არაერთმა მოქალაქემ გამოთქვა სურვილი, წიგნების საჩუქრად გადაცემაზე. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ადგილობრივმა, თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცებმა, კამპანიაში ჩაერთო საჯარო ბიბლიოთეკაც. შედეგად, N8 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას საჩუქრად 1 500-ზე მეტი ქართული და უცხოურენოვანი წიგნი გადაეცა.
პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებში ძველი წიგნების ჩანაცვლებასა და ფონდის გამდიდრებაში აქტიურად ზრუნავს სსიპ "მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი" და ამ მიმართულებით არაერთ აქტივობას ახორციელებს. აღნიშნული კამპანიაც სწორედ პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკების განახლებას ემსახურება რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბრალდებულების/მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მადლობას უხდის კამპანიის თითოეულ ორგანიზატორსა და მონაწილეს ბრალდებულების/მსჯავრდებულების მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.