ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული შეჯიბრი მოეწყო
N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული შეჯიბრი "მასტერ-შეფი" ჩატარდა. ერთმანეთს მსჯავრდებულები და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები შეეჯიბრნენ. მსჯავრდებულების ინიციატივით მოწყობილ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა მსჯავრდებულმა და დაწესებულების ხუთმა თანამშრომელმა გამოთქვა. 

კონკურსი მსჯავერდებულების გამარჯვებით დასრულდა და ფინალის შემდეგ ყველამ ერთად დააგემოვნა მომზადებული კერძები და დესერტი. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის ფარგლებში პანდემიამდელ პერიოდში სახელობო-პროფესიული პროგრამები ხორციელდებოდა, მათ შორის იყო შეფ-მზარეულის კურსი. ამდენად, პენიტენციურ დაწესებულებაში არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც კონკურსის დროს იქნა გამოყენებული.

"მასტერ-შეფში" კონკურსის მონაწილეთა გარდა 40 მსჯავრდებული იღებდა მონაწილეობას, რომელთა შორის შეირჩა ჟიური, ღონისძიების წამყვანი, ასევე, მსჯავრდებულთა მონაწილეობით მოეწყო კონცერტი. პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობის განცხადებით, მსგავს ინიციატივებს მომავალშიც ექნება მხარდაჭერა, რადგან პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ზომებისთვის დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაწესებულებებში უცხო პირთა ვიზიტები მაქსიმალურად შეზღუდულია. შესაბამისად, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის მიზნებისთვის, პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი პროექტები საკუთარი რესურსების გამოყენებით ხორციელდება და ამგვარი ღონისძიებების ჩატარება სხვა დაწესებულებებშიც იგეგმება.
FaceBook Twitter