დისტანციური სასამართლო პროცესების გამართვის ტექნიკურად უზრუნველყოფისთვის სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს აშშ-ის საელჩოსა და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსგან (INL) 30 პორტატული კომპიუტერი გადაეცა საჩუქრად. ტექნიკა INL-ის დირექტორმა, რებეკა ჰანტმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს გადასცა. გიორგი პატარიძემ INL-ს პენიტენციური სისტემის სისტემატური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პენიტენციურ სისტემაში მოქმედი განსაკუთრებული პირობების ფარგლებში, მიმდინარე წლის 24 მარტიდან შეიზღუდა სასამართლო პროცესებზე პატიმრების გაყვანა და სასამართლო პროცესები დისტანციურად ტარდება. ამისთვის უმოკლეს ვადაში მოხდა პენიტენციური დაწესებულებების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა.
INL-ის მიერ პენიტენციური სამსახურისთვის გაწეული მნიშვნელოვანი და დროული დახმარების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებებში ყოველდღიურად უფრო მეტი დისტანციური სასამართლო პროცესი გაიმართება, რაც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.